დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საკოორდინაციო საბჭოს მომავალ კვირაში ინიციატივით მიმართავს, რომ იმ პირებს, ვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 2 დოზა ექნება გაკეთებული, შეზღუდვების პერიოდში გარკვეული შეღავათები დაუწესდეთ.
როგორც გამყრელიძემ განმარტა, შესაძლოა შეღავათი შეეხოს გადაადგილებასთან დაწესებულ შეზღუდვას, ან კიდევ გარე სივრცეში პირბადის ტარებას.
„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აპირებს, მომავალ კვირაში ინიციატივით შევიდეს ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოში, რომ ამ ადამიანებს შესაბამისი შეღავათები ასე ვთქვათ, შეზღუდვების პერიოდში ჰქონდეთ. ამაზე ჩვენ ვმუშაობთ, რამდენიმე პუნქტი, რაც საერთაშორისო გამოცდილებით არის ცნობილი, იგივე კომენდანტის საათის დროს თავისუფალი გადაადგილება, უცხოეთში მგზავრობის დროს შესაბამისი დოკუმენტი, კიდევ სხვა ინსენტივები, რამდენიმე ასეთ ინიციატივაზე ვმუშაობთ, რომ ამ ადამიანებს და ზოგადად, საზოგადოებას ჰქონდეს მეტი დაინტერესება, სწრაფად, სრულად იყვნენ აცრილი.
მოგეხსენებათ, ადამიანებს, რომლებიც ორჯერადად არიან აცრილი, მთელ რიგ ქვეყნებში გარე სივრცეებში პირბადე არ მოეთხოვებათ, მაგრამ მოეთხოვებათ დახურულ სივრცეებში. ასევე აქვთ შეღავათები კომენდანტთან და სხვა შეზღუდვებთან მიმართებით. ამიტომ ამაზე ჩვენ ვმუშაობთ. დარწმუნებული ვართ, მომავალი კვირის განმავლობაში, 15 მაისამდე დაახლოებით 14 000 ადამიანი იქნება სრულად აცრილი და რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს ქვეყნისგან მეტი სტიმული და შეღავათი უნდა ჰქონდეთ. პანდემია აცრის გარეშე არ დასრულდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.