ვაპირებთ, შემდეგ კვირას ერთობლივად ჩავიდეთ პანსიონში - ლომჯარია

პუბლიკა

საქართველოს საპატრიარქოს უნივერსიტეტში სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასა და საპატრიარქოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა.

ომბუდსმენმა შეხვედრა შეაფასა, როგორც კონსტრუქციული და პოზიტიური.

ნინო ლომჯარიას თქმით, შეთანხმდნენ, რომ სოციალური მუშაკები პანსიონში დარჩენილი ბავშვების საჭიროებების შეფასებას გააგრძელებენ და მოვლენები მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით განვითარდება.

„ვაპირებთ, შემდეგ კვირაში ერთობლივად ჩავიდეთ პანსიონში, ვინაიდან ბავშვებსაც აქვთ გაუცხოება სახალხო დამცველის მიმართ და მინდა, მონიტორინგი ისე ჩავატაროთ, რომ არსებობდეს ნდობა და არ იყვნენ მტრულად განწყობილნი ჩვენ მიმართ. ვფიქრობ, ეს ვიზიტი სიტუაციას განმუხტავს და ამის შემდეგ ჩემი სპეციალისტები დაიწყებენ მონიტორინგს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ნინო ლომჯარიას შეფასებით, მთავარეპისკოპოს იაკობთან პოზიტიური და კეთილგანწყობილი დიალოგი ჰქონდა.

„ბევრ საკითხზე გვაქvს სრული თანხმობა ბავშვების ინტერესებთან მიმართებით. კითხვა-პასუხი არ ყოფილია, ეს იყო ჩვენი შთაბეჭდილებები და საუბრები პანსიონში არსებულ მდგომარეობაზე“, – განაცხადა ლომჯარიამ.

რაც შეეხება ბავშვების გამოყვანის პროცესის გაგრძელებას, ლომჯარია ამბობს, რომ სოციალური სამსახურის წარმომადგენლები აფასებენ ბავშვების საჭიროებას.