ვაპროტესტებთ აჭარის მაუწყებლიდან გადაცემის წამყვანის უსამართლოდ გათავისუფლებას - ალტერნატიული პროფკავშირი

პუბლიკა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფესიული კავშირი ავრცელებს ინფორმაციას, რომ 28 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა – გიორგი კოხრეიძემ, სამსახურიდან გაათავისუფლა შემოქმედებითი სამსახურის გადაცემა „უცხო სუნელის“ ავტორი/წამყვანი – ალექსანდრე თხილაიშვილი.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან დღეს, 15:00 საათზე დაგეგმილია საპროტესტო აქცია.

ალექსანდრე თხილაიშვილის გათავისუფლებას პროფესიულ კავშირში აფასებენ, როგორც გაერთიანების წევრთა მიმართ დევნის გაგრძელებად.

ისინი ამბობენ, რომ სამართალიც და სამართლებრივი რეაგირებაც დღეს „აჭარის ტელევიზიასა და რადიოში“ – შერჩევითია.

„ამგვარი რადიკალური და სუბიექტურად მოტივირებული საკადრო გადაწყვეტილებები, ერთი მხრივ, თანამშრომელთა დემოტივაციას და, მეორე მხრივ – მაყურებლის ინტერესების დაზიანებას იწვევს.

დღიდან დირექტორად არჩევისა, გიორგი კოხრეიძის მართვის სტილი აბსოლუტურად დაცლილია ჯანსაღი შრომითი გარემოს შექმნის პრინციპებისგან და მიმართულია მაუწყებლის თანამშრომელთა შორის დაპირისპირების, კონფლიქტისა და მტრობის გაღვივებისკენ.

გიორგი კოხრეიძე მაქსიმალურად ახალისებს ამგვარი დაძაბულობის კერების შექმნას და ნაცვლად პრევენცია-მოგვარებისა, ძალადობრივი, სადამსჯელო ზომებით შემოიფარგლება.

ორგანიზაცია იმართება პერსონალურ განწყობებზე დაყრდნობით. დევნისა და შევიწროების სამიზნეა კრიტიკულად განწყობილი ყველა თანამშრომელი. უკიდურესადაა გაზრდილი შრომითი უთანასწორობა”, – ნათქვამია ალტერნატიული პროფესიული კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ისინი მოითხოვენ, როგორც ალექსანდრე თხილაიშვილის, ისე სხვა, უსამართლოდ გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენასა და მათთვის ღირსეული შრომითი გარემოს შექმნას. ასევე, როგორც ამბობენ, მაუწყებელში დევნისა და შევიწროების დაუყოვნებლივ შეწყვეტას.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებას და არა ვიწრო ჯგუფის მავნე ინტერესებს, რომელთა გატარება ანგრევს და ანადგურებს ყველა იმ შედეგს, რასაც „აჭარის ტელევიზიამ და რადიომ“ ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე მიაღწია”, – ამბობენ გაერთიანებაში.

„პუბლიკას“ აჭარის საზოგადეობრივ მაუწყებელში უთხრეს, რომ ალექსანდრე თხილიაშვილთან დაკავშირებით შიდა დისციპლინური მოკვლევა მიმდინარეობდა, რაც შემდგომ გახდა მისი გათავისუფლების საფუძველი.