ვაპროტესტებთ „ქართული ოცნების“ უმოქმედობას - აქცია სამინისტროსთან ზაზა გახელაძის საქმეზე

პუბლიკა

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქტივისტები ოკუპირებულ ცხინვალში ზაზა გახელაძისთვის 12.5-წლიანი პატიმრობის შეფარდებას ეხმაურებიან და ამბობენ, რომ აპროტესტებენ „ქართული ოცნების” ხელისუფლების უმოქმედობას.

„ქართული ოცნების” არალეგიტიმური ხელისუფლება არის არაკომპეტენტური სახელმწიფოს მართვისას. მათ მოქალეების ბედი არ ადარდებთ, ფეხებზე ჰკიდიათ… მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის რისკის ქვეშ, „ქართული ოცნების” ხელისუფლება დუმს, არ იყენებენ არცერთ საერთაშორისო ბერკეტს, არ აყენებენ საქმის კურსში საერთაშირსო პარტნიორებს, და შედეგად ვხედავთ ამ შედეგს – საქართველოს მოქალქეებს თვეების, წლების განმავლობაში უწევთ ცხივნალისა და სოხუმის იზოლატორში დროის გატარება”, – აცხადებს აქციის მონაწილე ნოდარ რუხაძე.


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

საქართველოს საგარეო სამინისტრო პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს და მიმართავს მას, შეწყვიტოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების უფლებების დარღვევა. უწყება ასევე მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მორიგ პროვოკაციას.