ვაქცინაციის პროცესში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღე იზრდება. განსაკუთრებით აქტიურია დედაქალაქი - გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, დილის მდგომარეობით ქვეყანაში ვაქცინირებულია 22 ათასამდე პირი. ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. განსაკუთრებით აქტიური კი დედაქალაქია. რეგიონებში აქტივობა დაბალია.

მისი თქმით, გუშინ რესპუბლიკურ საავადმყოფოს დაემატა ბრიგადები ვაქცინაციისთვის ადგილები საკმარისია როგორც თბილისისთვის, ისე რეგიონებისთვის.

მან ასევე ისაუბრა ვაქცინაციის პროცესის გაფართოებაზე და სხვა ჯგუფების ჩართვის შესაძლებლობაზე. მისი თქმით, ამ ეტაპზე ვაქცინაცია ხელმისაწვდომი იქნება მიზნობრივი ჯგუფებისთვის.

„ვაქცინაციის გეგმა რისკებზე ორიენტირებული და მნიშვნელოვანია, გავყვეთ ეტაპობრიობას. რადგან ჩვენ რომ გავფანტოთ ვაქცინების ის შეზღუდული რაოდენობა, რომელიც გვაქვს და მივმართოთ არა მიზნობირივი რისკჯგუფებისკენ, არამედ ნებისმიერი მსურველისკენ, რა თქმა უნდა, ამასაც ექნება შედეგი, მაგრამ აუცილებელია შევინარჩუნოთ და გავზარდოთ მოცვა როგორც ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში, ისე ხანდაზმულებში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, ვაქცინების მოწოდება გაგრძელდება როგორც „კოვაქსის“ პლატფორმიდან, ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები პირდაპირ მომწოდებლებთან.

„მიმართვიანობა იზრდება. ჩვენი პროგრამა რთულად დაიწყო და დრო დასჭირდა იმას, რომ პირველი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ ნდობა ვაქცინაციის პროგრამის მიმართ აღდგენილიყო.

ვაქციაციის პროცესში ჩართულ პირთა რაოდენობა ყოველდღე იზრდება. განსაკუთრებით თბილისში, 70% ვაქცინირებულების მოდის თბილისზე. რეგიონებში აქტივობა გასაზრდელია“, – განაცხადა გაბუნიამ.