ვაქცინაცია, ახალი შტამი, გრიპის სეზონი | მაია ბუწაშვილი ეპიდვითარების შესახებ

პუბლიკა

ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ შეხვედრაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მან სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა და არსებული ეპიდვითარება შეაფასა.

მისი თქმით, ბოლო რამდენიმე თვეა, ქვეყანაში კოვიდსტატისტიკის სტაბილურად მაღალი ციფრებია და ასევე მაღალია კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელიც.

„საფრთხეს წარმოადგენს ის, რომ ისედაც რესპირაციული ინფექციების სეზონში შევდივართ და ამიტომ მაღალი ალბათობით ნოემბერი და დეკემბერიც შედარებით რთული იქნება. მით უმეტეს, რომ ველოდებით გრიპის შემთხვევების აღმავლობასაც“, – ამბობს ის.

როგორ გავარჩიოთ გრიპი კორონავირუსისგან 

მაია ბუწაშვილის თქმით, პანდემიის დასაწყისში კოვიდი სპეციფიკური სიმპტომებით გამოირჩეოდა და ხშირად ძალიან ადვილად მიჰქონდათ ექიმებს კლინიკური ეჭვი კორონავირუსზე – თავისი კონკრეტული სიმპტომები ჰქონდა ვირუსს და ადვილი გასარჩევი იყო გრიპისა თუ გაციებით მიმდინარე სხვა ვირუსული ინფექციებისგან.

„მას შემდეგ, რაც დელტა შტამი ფართოდ გავრცელდა, კოვიდის სიმპტომები იმდენად ჰგავს სხვა რესპირაციულს, რომ კლინიკურად გარჩევა თითქმის უკვე შეუძლებელია, ტესტის გარეშე.

ძალიან ხშირად მიმდინარეობს სურდოთი, რაც ადრე, ფაქტობრივად, არ იქცევდა ყურადღებას.სურდო არ იყო კორონას სიმპტომი, მაგრამ ახლა მიმდინარეობს სურდოთი, ყელის ტკივილითა და სტანდარტული, რესპირაციული სასუნთქი გზების ინფექციის სიმპტომებით. ამიტომ გარჩევა შეუძლებელია, სანამ არ გავაკეთებთ ტესტს“, – თქვა მაია ბუწაშვილმა.

„დელტას“ ახალი ქვეშტამი AY.4.2

ინფექციონისტის თქმით, ჯერჯერობით, არ ვრცელდება სერიოზული სამეცნიერო კვლევა ახალ შტამთან დაკავშირებით, მხოლოდ ზედაპირული ინფორმაციაა.

„ეს ჩვენ სიახლედ უკვე აღარ გვესახება, რადგან ხშირად ხდება კორონავირუსის მუტაცია და ახალი შტამების წარმოქმნა და ყოველთვის არის ტენდეცია, რომ ახალი შტამი ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება და უფრო ადვილია გადაცემა, ვიდრე წინამორბედი შტამი.

როდესაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთში რაღაც ახალი შტამია, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მოაღწევს მალე ჩვენთან, რადგან ამ ორ ქვეყანას შორის ძალიან მაღალია მობილობა, – ამბობს ის.

ვაქცინაციის ტემპი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ ვაქცინაციის მოცვა ძალიან დაბალია სხვა ქვეყნებთან შედარებით.

მისი თქმით, როგორც წესი, თავიდან უფრო მეტი ადამიანი იცრება, რადგან მოტივირებულები არიან ის ადამიანები, ვინ ელოდებოდა და სურდა აცრა. შესაბამისად, თავიდან ასეთი ხალხი იცრება სწრაფად.

„მერე უფრო რთულია ვაქცინაციის პროცესში ადამიანების ჩართვა, რადგან რჩება ის სეგმენტი, რომელიც ან ორჭოფობს/სკეპტიკურად არის განწყობილი, ან კატეგორიულად წინააღმდეგია ვაქცინაციის. ყველაზე რთულია მუშაობა სწორედ იმ სეგმენტებზე.  ეს მარათონიც იმედი გვაქვს, რომ ამ ადამიანებს  ვინც ორჭოფობს, მოაფიქრებინებს და ჩართავს ამ პროცეში, ხოლო ის, ვინც კატეგორიული წინააღმდეგია ყველანაირი ვაქცინაციის… ფაქტობრივად, ურთულესია ამ ადამიანებთან მუშაობა.

მე, ზოგადად, ძალდატანებით ვაქცინაციის მომხრე არ ვარ,  უბრალოდ, უფრო მეტი დრო უნდა დავუთმოთ თითოეული ადამიანის წუხილს, კითხვებს და გავიგოთ, რა უშლის მათ ხელს“, – ამბობს მაია ბუწაშვილი.

შეზღუდვები

ინფექციონისტი ამბობს, რომ ის ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა მძიმე შეზღუდვებს, რადგან ესძალიან მძიმედ აისახება მოსახლეობაზე, თუმცა ფიქრობს, რომ არსებული შეზღუდვების აღსრულება სრულიად საკმარისი იქნებოდა პრევენციისთვის.

„არსებული შეზღუდვების აღსრულება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რაც არ ხდება. განსაკუთრებით მინდა,  ხაზი გავუსვა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ აღმავლობაში იმ ფაქტს, რომ აღარ ხდება, ფაქტობრივად, იზოლაციის წესების სწორი დაცვა, არა მხოლოდ კონტაქტებში (რაც უდიდესი პრობლემაა, ვინაიდან კონტაქტების იზოლაცია ხშირ შემთხვევაში არ ხდება), არამედ თვითონ კოვიდინფიცირებულებიც კი ხშირად  თავისუფლად გადაადგილდებიან. ანუ არსებულ რეგულაციებსაც კი თუ სწორად დავიცავთ და აღსრულებაზე ვიმუშავებთ, ესეც სრულიად საკმარისია“, – ამბობს ის.

გრიპის ვაქცინა

ინფექციონისტი ამბობს, რომ, ჯერჯერობით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სამედიცინო მუშაკებისთვისაა ხელმისაწვდომი ვაქცინა, ზოგადი მოსახლეობისთვის ძალიან შეზღუდული რაოდენობითაა.

„სამწუხაროა, წელს დაიგვიანა გრიპის ვაქცინამ. ძალიან ბევრი მსურველია, მაგრამ ვაქცინის რაოდენობა საკმარისი არ არის ჯერ. იმედია, გამოასწორებენ“, – ამბობს მაია ბუწაშვილი.


ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 155 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  684 337-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.32%, ბოლო 14 დღის განმავლობაში – 8.89% ხოლო 7 დღის – 8.99%.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს სულ 9 657 პირი ემსხვერპლა.