„ვაქცინაცია, დისტანცია, პირბადე - სხვა იარაღი არ გვაქვს“ | ეპისკოპოსი მელქისედეკი აიცრა

პუბლიკა

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე აიცრა.

მან სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც აცხადებს, რომ პანდემიასთან ომში კაცობრიობას სხვა იარაღი არ აქვს.

„დიდი ხანია ვაქცინაციის შესახებ ჩემი აზრის თქვენთვის გაზიარება მსურდა, მაგრამ თავს უფლება ვერ მივეცი, ეს მანამ გამეკეთებინა, სანამ თავად არ ავიცრებოდი. პირდაპირ უნდა ვთქვათ – ჩვენ დაუნდობელ ომში ვართ, რომლის დროსაც ვერაგი მტერი, საშუალოდ, 50 ქართველს გვიკლავს ყოველდღიურად – ჩვენს ძმებსა და დებს, ჩვენს სისხლსა და ხორცს. თავად მეც მქონდა ეს დაავადება და მთელი ცხოვრება არ დამავიწყდება ის ურთულესი დღეები, რომლის გადატანაც მომიწია.

სამწუხაროდ, ყველა ჩემსავით ვერ გადარჩა, მათ შორის საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, ჩემი უახლოესი მეგობარი, ეპისკოპოსი ლაზარე სამადბეგიშვილი. როდესაც წმინდა სინოდის სხდომაზე ამ საკითხებზე ვმსჯელობდით, გარკვევით ვთქვით, რომ დაუშვებელია, დაძალება მოხდეს რომელიმე მხარეზე და ეს ასეცაა. ჩვენი ვალდებულება ის კი არაა, რომ ვინმეს რაიმე დავაძალოთ, არამედ ის, რომ ძმური სიყვარულით, სამეცნიერო არგუმენტებითა და ავტორიტეტული წყაროების მოშველიებით მარტივ ენაზე ავუხსნათ ჩვენს თანამოქალაქეებს იმ სიტუაციის ავკარგიანობის შესახებ, რომელშიც ვიმყოფებით.

ამისთვის კი უპირველესად იმის გააზრება გვჭირდება, რომ თავისუფლება რაღაც აბსტრაქტული წარმონაქმნი კი არაა, რომელიც სხვადასხვა ბრუნვაში შეგვიძლია გამოვიყენოთ, არამედ დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც სხვა ადამიანთა – ღვთის ხატთა და მსგავსთა წინაშე გვაკისრია“, – წერს ეპისკოპოსი.

მისი თქმით, იმყოფებოდა ათონის მთაზე, სადაც მონასტრების წინამძღვრებმა და ბერებმა თქვეს, რომ არიან აცრილები და პატივს სცემენ სამედიცინო მიღწევებს.

„ყურადღებით ვაკვირდებოდი ე.წ. ანტივაქსერთა კომენტარებს და გარდა მითებისა (რომ თითქოს ჩვენი დაჩიპვა უნდათ, ბლუთუზს დავიჭერთ და ა.შ.), ისინი იმ ხაზს მიჰყვებიან, რომ თუ აცრილიც ავადდება კოვიდით, რაღა საჭიროა მისი გაკეთება და რომ ისრაელში კია ბევრი აცრილი, მაგრამ მაინც მაღალი ციფრი ფიქსირდება ინფიცირების.

დაკვირვებით გავეცანი ქართულ თუ უცხოურ სტატისტიკურ მონაცემებს, ვესაუბრე ამ სფეროს სპეციალისტებს (რომლებიც როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ წარმატებით მოღვაწეობენ) და ამ ყველაფერზე დაყრდნობით, მეც შემიძლია ვთქვა, რომ დიახ, ვაქცინაციის შემდეგაც კი შეიძლება კოვიდით დავავადდეთ, მაგრამ ვაქცინაცია მინიმუმამდე ამცირებს ამ დაავადების გართულების ფორმებს, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ დავზოგოთ რესურსები, დავეხმაროთ ჩვენს სამედიცინო პერსონალს და არ დავიკავოთ ჩვენი იმ თანამოქალაქის ადგილი, რომელსაც გადაუდებელი სტაციონარული მკურნალობა ესაჭირეობა.

იმავე ისრაელშიც კი დაფიქსირდა ინფიცირების მატება, თუმცა არა გარდაცვალების და ჩვენი მთავარი მიზანიც ხომ ესაა – დავიცვათ ადამიანისადმი ღვთივბოძებული სიცოცხლე და გავუფრთხილდეთ მას. ეს კი უპირველესად პასუხისმგებლობის აღებაში გამოიხატება – ვაქცინაცია, სოციალური დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება და ჰიგიენა. სხვა იარაღი ამ ომში არ გვაქვს და მადლობა უფალს, რომ ეს საშუალებები მაინც არსებობს საბრძოლველად.

ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, გთხოვთ, მოუხმეთ გონებას, ნუ აჰყვებით ცრუ და დამღუპველ ინფორმაციებს, გადაამოწმეთ ყოველი ცნობა, რომელსაც ამ დაავადების შესახებ მიიღებთ, დაიცავით თქვენი თავი და თქვენ გარშემო მყოფნი“, – წერს ეპისკოპოსი.