ვაქცინაციასთან დაკავშირებით ჩემი ნათქვამი არასწორად იქნა გაგებული, ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი - პრემიერი

პუბლიკა

დღეს ვაქცინაციასთან დაკავშირებით გაკეთებული ჩემი ნათქვამი არასწორად იქნა გაგებული – რა თქმა უნდა, ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი, ეს არის ადამიანის რჩევანი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ ახმეტის მერობის კანდიდატის, ალექსი ფიცხელაურის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

„მე დღეს გამოვედი ერთ-ერთ შეხვედრაზე და როგორც ჩანს, არასწორად გაიგეს ჩემი ნათქვამი. მე ერთ-ერთ გამოსვლაში მოვყევი ქრონოლოგიურად, რომ ეტაპობრივად, ისე, როგორც იკეთებენ ყოველწლიურად გრიპის საწინააღმდეგო აცრებს, ანალოგიურად, როგორც ჩანს, ასეთი ტენდენცია მიმდინარეობს მსოფლიოში, რომ დამკვიდრდება ყოველწლიურად ამ აღნიშნული აცრების ჩატარება და ამის მაგალითად მოვყევი, რომ ამერიკაში სექტემბრის თვეში აპირებენ ბოლო ფაზის ავტორიზაციის მინიჭებას ვაქცინისათვის და ვივარაუდე, რომ ალბათ სავალდებულო გახდება. გვაქვს ამის თაობაზე ინფორმაცია, აქეთ მიდის ყველაფერი, ამერიკის შეერთებულ შტატებში. როგორც ჩანს, არასწორად გაიგეს ჩემი ნათქვამი, თითქოს მე ვთქვი, რომ ჩვენ გადავდგამთ შესაბამის ნაბიჯებს და აცრა იქნება სავალდებულო. რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი.

მთავრობა ყველაფერს აკეთებს და უქმნის მაქსიმალურ კომფორტს მოქალაქეებს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ნებაყოფლობითი. ეს არის ადამიანის არჩევანი. თითოეულმა ადამიანმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თავად უნდა გააკეთოს არჩევანი და არჩევანი არის შემდეგი – არსებობს ალბათობა იმისა, რომ გართულდეს ნებისმიერ ადამიანში აღნიშნული ინფექცია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა დღეს ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა, მოქალაქეებს აცრის გაკეთებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ : „ამერიკის შეერთებული შტატები არის ყველაზე ძლიერი ქვეყანა და სექტემბერში უკვე საბოლოოდ დაამტკიცებს Pfizer-ის ვაქცინას, ანუ ზოგადად გამოაცხადებს, რომ ყველა დონის ავტორიზაცია გაიარა ვაქცინამ. რაც ნიშნავს იმას, რომ ამერიკა საკუთარი მოქალაქეებისთვის სავალდებულოს გახდის ვაქცინების მიღებას. შესაბამისად, ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, ამის გაკეთება მოგვიწევს. ვინც აცრას არ ჩაიტარებს, სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ, ვუყურებთ ამ რეალობას, რომ გარდაცვალება მოგვემატება. ამიტომ ამისგან თავის დაზღვევის მიზნით საჭიროა ძალიან მარტივი აცრის ჩატარება.“