„დღეს არცერთ ქვეყანას არ აქვს შექმნილი ისეთი კარგი პირობები ვაქცინაციისთვის, როგორც საქართველოს. ეს არის – 2 მილიონზე მეტი საუკეთესო ვაქცინა; ვაქცინაციის 500-ზე მეტი პუნქტი; ავტობუსები ქუჩებში; მობილური ბრიგადები სოფლებსა და რაიონებში; ვაქცინაციის მარათონი; წახალისება, თუ რამე არსებობს… მოდით, ნუ ვილაპარაკებთ რაიმე საინფორმაციო კამპანიის სიმწირეზე. ამაზე მეტი საინფორმაციო კამპანია, რაც საქართველოშია, უბრალოდ, შეუძლებელია“, – განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.
„ცნობილი ფაქტია, რომ ვაქცინაცია ამცირებს, სულ ცოტა, 10-ჯერ გარდაცვალებას და არა ავადობას და დღეს ჩვენ თუ გვაქვს 49 გარდაცვალება, ელემენტარული არითმეტიკაა, რომ ვიყოთ სრულად ვაქცინირებული, გვექნებოდა 4-5 გარდაცვალება. თქვენ გამოიტანეთ დასკვნა, რამხელა შესაძლებლობას უშვებს ხელიდან მოსახლეობა, როცა, ფაქტობრივად, ამჟღავნებს სკეპტიციზმს და ინერტულობას, მაშინ, როდესაც არცერთ ქვეყანას დღეს (შესაძლოა, ჩვენ ცოტა დავაგვიანეთ მასობრივი ვაქცინქაციის დაწყება, სხვა ქვეყნებმა ჩვენზე 2-3 თვით ადრე დაიწყეს) არ აქვს შექმნილი ისეთი კარგი პირობები ვაქცინაციისთვის, როგორც საქართველოს“, – აცხადებს ცერცვაძე.