„ვაქცინაციაზე მიმართვიანობა 600%-ით გაიზარდა“ - 8 ნოემბრიდან 60 წელს ზემოთ 19 290 მოქალაქე აიცრა

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მთავრობის წამახალისებელი პროგრამის დანერგვის შემდეგ, ვაქცინაციაზე მიმართვიანობა 600%-ით გაიზარდა.

„ ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამის ფარგლებში მთავრობის ინიციატივის გაჟღერების შემდეგ, რომლის თანახმადაც, 60 წელს გადაცილებული პირები პირველივე აცრისას 200-ლარიან დანამატს მიიღებენ, ვაქცინაციის ტემპი მკვეთრად გაიზარდა.

იმუნიზაციის პროცესი გააქტიურდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. პენსიონერები განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევიან რეგიონებში. თუ შევადარებთ ოქტომბრისა და ნოემბრის მონაცემებს, განსხვავება აშკარაა. მაგალითად, 7 ნოემბრიდან, შიდა ქართლის რეგიონში, 60 და ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, ვაქცინაციის პროცესში მოქალაქეთა აქტივობის 697,39% -იანი ზრდა დაფიქსირდა, 586,11%-იანი ზრდაა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, ხოლო გურიაში, ამავე ასაკობრივ ჯგუფში, 568,18%- ით მეტი ადამიანი აიცრა“, – ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.

უწყების ცნობით, საერთო ჯამში, საქართველოში 8 ნოემბრიდან 60 წელს ზემოთ 19 290 მოქალაქე აიცრა, რაც წინა თვის მაჩვენებელთან მიმართებით, 332,41%-ით მეტია.

მთავრობის წამახალისებელი პროგრამის მიხედვით, 200-ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს 60 წლის და ზემოთ ასაკის ნებისმიერი პირი, რომელიც ვაქცინაციას 31 დეკემბრის ჩათვლით ჩაიტარებს. ფულადი დანამატი პირველი აცრის შემდეგ გაიცემა.