ვაქცინაციის ექსპერტთა ჯგუფმა 18 წელს ზემოთ „ბუსტერის“ დაშვების რეკომენდაცია გასცა – გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ეროვნული ვაქცინაციის ექსპერტების ჯგუფიდან მიიღეს რეკომენდაცია, რომელიც მხარს უჭერს „ბუსტერ დოზით“ აცრას 18 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში.

მისი ინფორმაციით, ჯერჯერობით, „ბუსტერით“ აიცრა დაახლოებით 3-4 ათასი ადამიანი.

„ჩვენ მივიღეთ გუშინ რეკომენდაცია ეროვნული ვაქცინაციის ჯგუფის ექსპერტებისგან, რომელიც მხარს უჭერს „ბუსტერით“ აცრას ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში. ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს მოზრდილ მოსახლეობაზე , 18 წლის და ზემოთ, ვინც უკვე აიცრა; ასევე – ნებისმიერი ვაქცინით აცრილი პირებისთვის. აქ შედის „სინოფარმი“, „სინოვაკი“, „ფაიზერი“ და „ასტრაზენეკა“. ოთხივე ვაქცინის შემთხვევაში შესაძლებელია ბუსტერ დოზის გამოყენება. ამას გაივლის კიდევ დამატებით ვაქცინაციის საბჭო სამინისტროში და საბოლოო გადაწყვეტილებასაც მიიღებენ, თუმცა პირველი დადებითი რეკომენდაცია ჩვენ უკვე მივიღეთ“, – განმარტა გაბუნიამ.

არსებული რეგულაციით, ე.წ. ბუსტერ დოზის მიღების შესაძლებლობა აქვთ მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ 50 წელს ზემოთ პირებს; ქრონიკული დაავადების მქონე და მაღალი რისკის პროფესიებში დასაქმებულ პირებს. გარდა ამისა, ბუსტერ დოზის მიღება შეუძლიათ პირებს სამოგზაურო მიზნებისთვის.