ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი მოქალაქეებიც - ტიკარაძე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციის დღევანდელ საბჭოზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი მოქალაქეები. აღნიშნული ჯგუფები ამ პროცესში 5 აპრილიდან ჩაერთვებიან.

„მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მიღებული დიალიზის პაციენტებთან მიმართებაში. მათთვის ასევე ხელმისაწვდომი გახდება ვაქცინა, რადგან ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს ჯგუფი არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის მატარებელი, რომელიც ჩართულია სოციალურ აქტივობაში. მათთვისაც ასევე გაიხსნება ფანჯრები. ეს ფანჯრები იმისათვის, რომ ყველაფერი იყოს გამჭვირვალე, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მხრიდან მიწოდებული იქნება დაავადებათა კონტროლის ცენტრს. ასევე ისინი არიან მიმაგრებულნი კონკრეტულ დაწესებულებებს და შესაბამისად, მათი აცრა მოხდება ადგილზე იმ დაწესებულებებში, სადაც გადიან დიალიზის თერაპიას.

ასევე, მნიშვნელოვან ჯგუფად ჩავთვალეთ ადამიანები, რომლებიც არიან ორგანოგადანერგილები. ისინიც წარმოადგენენ საკმაოდ მაღალი რისკის მქონე პირებს და შესაბამისად იქნებიან ჩართული ვაცინაციის პროცესში“, – განაცხადა მინისტრმა.