დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მედიასთან საუბრისას ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვაქცინაციის შემდეგ მწვავე ალერგიული რეაქცია მეორე ადამიანსაც განუვითარდა, თუმცა ახლა ის თავს კარგად გრძნობს.
გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ვაქცინაციაზე გვერდითი მოქმედების კომიტეტმა საბოლოო დასკვნა უნდა მიიღოს – იყო თუ არა მწვავე ალერგიული რეაქცია ანაფილაქსიური შოკი.
„ახალგაზრდა ადამიანია. არსებობს ვაქცინაციის გვერდითი მოქმედებების კომიტეტი. იქ ჩვენთანაც, რა თქმა უნდა, კომუნიკაცია იყო. ეს ახალგაზრდა ქალი არის ერთ-ერთ საავადმყოფოში. იქ კლინიკამ დაწერა ანაფილაქსიური შოკი, მაგრამ იმ მონაცმებით, ჯერჯერობით, საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ვაქცინაციაზე გვერდითი მოქმედებების კომიტეტმა – იყო თუ არა ანაფილაქსიური შოკი. იყო მწვავე ალერგიული რეაქცია. თვითონ ანაფილაქსია მიეკუთვნება მწვავე ალერგიული რეაქციების რიგს, მაგრამ იყო თუ არა შოკი, ეს დასადასტურებელია. ახლა ის კარგადაა“, – განაცხადა გამყრელიძემ.