ჯანდაცვის მინისტრის, თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინაციის შემდეგ იზრდება კლინიკაში აცრილი პირის დაყოვნების დრო – ნაცვლად 30 წუთისა მოქალაქე კლინიკაში 45 წუთს მოიცდის. ეს მოთხოვნა გავრცელდება როგორც „ასტაზენეკას“, ასევე „ფაიზერის“ შემთხვევაზე. მინისტრის მოადგილის თქმითვე, „ფაიზერის“ ვაქცინა პროგრამას, სავარაუდოდ, ხვალ უკვე დაემატება.
თამარ გაბუნიას განცხადებით, მოქალაქეებს ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა საკუთარი სურვილის მიხედვით ექნებათ.
„დღეს განიხილება კიდევ ერთხელ დეტალები იმისთვის, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროცესი იყოს უსაფრთხო. 25 მარტიდან იქნება რეგისტრაციის შესაძლებლობა პორტალზე 65 წლის ზემოთ პირებისთვის. ვაქცინაციის პროგრამა უკვე იხსნება, როგორც სამედიცინო პერსონალისთვის, ასევე 65 წლის ზემოთ ასაკის ნებისმიერი მოქალაქისთვის. როგორც კი „ფაიზერი“ ჩამოვა ქვეყანაში, უმოკლეს ვადებში მოხდება მისი ასახვა სისტემაში და მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, არჩევანი გააკეთოს „ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს შორის.
თავდაპირველად ხდება არჩევანი ვაქცინებს შორის და შემდეგ გამოჩნდება ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებშიც მოქალაქე ვაქცინაციისთვის უნდა მივიდეს. ბუნებრივია, არჩევანი გარკვეულწილად შეზღუდულია. სულ „ფაიზერის“ ვაქცინის დოზა არის 29 250, ამდენად, 14 400 ადამიანის ვაქცინაციისთვის საკმარისი იქნება, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს გარანტირებული ხარისხი ორივე ვაქცინასთან მიმართებაში“, – განაცხადა გაბუნიამ.
დღეს ჯანდაცვის სამინისტროში კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გაიმართა. გაბუნიას თქმით, ამ ეტაპზე ვაქცინაციის პროგრამაში 26-მდე მრავალპროფილური კლინიკაა ჩართული.
„დღეს მოწვეული არიან დიდი კლინიკები, რომლებიც ჯერ პროგრამაში ჩართულნი არ არიან. თუმცა სამომავლოდ, როდესაც დაგვჭირდება პროგრამის გაფართოება, ეს კლინიკებიც მზად არიან, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოაწყონ ვაქცინაციისთვის“, – განაცხადა გაბუნიამ.