ვაქცინირებულ პირებში გარდაცვალების შემთხვევები არ გვქონია - გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ როგორც ორი დოზით, ასევე ერთი დოზით ვაქცინირებულ პირებში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი დაბალია.

„იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე უწყებაში, მაგალითად, დაინფიცირდა უკვე ორჯერ ვაქცინირებული პირი, ამან გარკვეულად ნდობა შეარყია ვაქცინაციის პროცესის მიმართ. აქვე მინდა გავაკეთო განმარტება, რომ ორჯერ ვაქცინირებულ პირებში ჩვენი ქვეყნის მონაცემებით ძალიან დაბალია ინფიცირების მაჩვენებელი. ასევე, არის დაბალი ინფიცირების მაჩვენებელი, ერთჯერ ვაქცინირებულ პირებშიც.

0.3% ორჯერ ვაქცინირებულ პირებში და 0.8% – ერთხელ ვაქცინირებულ პირებში, რაც არის, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია და რამდენად რეალურად დადებითი შედეგი აქვს მას ინფიცირების თავიდან აცილების მიზნით“, – განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევას ვაქცინირებულებში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ არცერთი მსგავსი შემთხვევა საქართველოში არ ფიქსირდება.

„არცერთი გარდაცვალების შემთხვევა ვაქცინირებულ პირებში ჩვენთან არ არის და ძალიან მცირე გარდაცვალების შემთხვევები არის უცხო ქვეყნებში დაფიქსირებული. ამდენად, ვაქცინაციის მნიშვნელობა უდავოდ და ცალსახად არის ძალიან მაღალი და მინდა ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და სწრაფად უკვე შევუერთდეთ ორჯერ ვაქცინირებულთა რიგებს“, – აღნიშნა გაბუნიამ.