ვაქცინირებული 2 პირი თავს კარგად გრძნობს, მედდას შეუჩერდა უფლებამოსილება - კლინიკა

პუბლიკა

ქუთაისის წმ ნიკოლოზის სახელობის სამედიცინო ცენტრში ადასტურებენ, რომ ორ პაციენტს II დოზად „ფაიზერის“ ნაცვლად „სინოფარმი“ გაუკეთეს.

„პუბლიკისთვის“ მოწოდებულ განცხადებაში კლინიკა იუწყება, რომ ასეთი შემთხვევები კლინიკურად შესწავლილია და სიცოცხლისთვის საშიში არაა.

მათივე ცნობით, მედდას შეუჩერდა უფლებამოსილება და გრძელდება ფაქტის შესწავლა.

„დღეს, ქუთაისში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის სამედიცინო ცენტრში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია მოკვლევა და კლინიკური გუნდი შეიწავლის ფაქტს.

ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენი მედპერსონალი მუშაობს მაქსიმალური დატვირთვით და უკვე 2 წელია, 24-საათიან რეჟიმში ზრუნავენ პაციენტების ჯანმრთელობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს კლინიკაში ვაქცინაციის პროცესი მაქსიმალურად კონტროლდება, დაცულია ყველა შესაბამისი რეკომენდაცია, სამწუხაროდ, მოხდა ვაქცინის არევის ფაქტი.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ კლინიკურად ასეთი შემთხვევები შესწავლილია და საბედნიეროდ, სიცოცხლისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს. ამის მიუხედავად, ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა, მედდას უკვე შეუჩერდა უფლებამოსილება და გრძელდება ამ ფაქტის შესწავლა შემდგომი რეაგირებისათვის.

საბედნიეროდ, ვაქცინირებული 2 პირი თავს კარგად გრძნობს. მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს კომპანია. ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ, კლინიკური გუნდის ჩართულობით ჩავუტაროთ მათ ყველა შესაბამისი გამოკვლევა და ჯანმრთელობის მონიტორინგი“, –  აღნიშნულია განცხადებაში.