ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ვაქცინირებულთა დღიური მაჩვენებლის საშუალო რაოდენობა 14 000-ია, რაც თითქმის 2-ჯერ ნაკლებია სამიზნე მაჩვენებელზე.
„გუშინ აცრილთა რაოდენობამ 14 000-ს გადააჭარბა, ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეში საშუალოდ ვაქცინირებულთა რაოდენობა 14 000-ია. ჩვენი სამიზნე არის თითქმის 2-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე ეს მაჩვენებელია. ამდენად, კვირის ბოლომდე ვაქცინაციის დამატებითი ცენტრების გახსნა იგეგმება, რათა ვაქცინირებულთა რაოდენობა სამიზნე მაჩვენებლამდე ანუ 25 000 – 30 000 კაცამდე გაიზარდოს. ვაქცინების არსებული რაოდენობა ამის შესაძლებლობას იძლევა და ვაქცინაციის ცენტრები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც დაემატება“, – განაცხადა გაბუნიამ.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 40 553 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 141 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 509 პირი, გარდაიცვალა 20 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.75%.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 410 830-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.75%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.28 % ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.92 %.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 509 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 377 597-მდე.