პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის მილიონი დოზა შემოვიდა. მისივე თქმით, ვაქცინაზე რეგისტრაცია ხვალ, 3 ივლისს 12 საათიდან „სინოფარმზე” დაიწყება.
„ორშაბათიდან სრულად იქნება მზად მთელი სისტემა. რეგისტრაცია დაიწყება ხვალიდან. ორშაბათიდან ჩვენ დავიწყებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივ ვაქვინაციას. დაახლოებით 350 ბრიგადა, რომელიც ექიმებით არის დაკომპლექტებული და აქვს შესაბამისი აღჭურვილობა, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიშლებიან და ჩვენ ამ პროცესს წარმატებით ვმართავთ. ჩვენი გათვლებით დღეში დაახლოებით 20-25 ათასამდე აცრა უნდა ჩავატაროთ, რათა თვეში მინიმუმ ნახევარი მილიონი ადამიანი ავცრათ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამირან გამყრელიძემ დღეს განაცხადა, რომ რეგისტრაცია ხვალიდან სინოფარმის დოზებზე გაიხსნება.
„ხვალიდან დაიწყება რეგისტრაცია „სონოფარმზე”. მომავალი 2 კვირის განმავლობაში დავაკვირდებით, როგორი იქნება მოქალაქეთა აქტივობა ჯავშნებზე. რამდენიმე დღის შემდგომ დაემატება და გაფართოვდება „სინოვაკით”, – განაცხადა მან.