ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად მოქალაქეებს ხელახალი რეგისტრაციის გავლა მოუწევთ.
„ფაიზერით“ აცრა საქართველოში 30 მარტს დაიწყო. ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით 21 აპრილიდან გაიხსნება. „ფაიზერის“ შემთხვევაში, პირველი დოზიდან მეორე დოზამდე შუალედი 21 დღეა. სამინისტროს განმარტებით, 21-დღიანი ინტერვალის გათვალისწინებით, პირველი დოზით აცრის დროს კლინიკა მიაწვდის მოქალაქეს ინფორმაციას, თუ როდის უნდა გაიკეთოს მეორე დოზა და რეგისტრაციის გახსნის შემდეგ შესაბამის კვირაში დაჯავშნის მისთვის სასურველ დღეს და დროს.
იგივეა პროცედურა „ასტრაზენეკას“ შემთხვევაშიც. განსხვავებაა ის, რომ „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, ინექციებს შორის რეკომენდებული ინტერვალი 8-დან 12 კვირამდეა.
„ასტრაზენეკაზე“ მეორე დოზისთვის რეგისტრაცია 15 მაისიდან დაიწყება. „AstraZeneca-ს შემთხვევაში მოქალაქეს ვაქცინაციის მეორე ეტაპი ყველაზე ადრე, 15 მაისიდან უწევს. 15 მარტს დაიწყო ვაქცინაციის პროცესი. ხელახალი რეგისტრაცია იქნება საჭირო, რადგან რიგი მან თავისი სურვილის მიხედვით უნდა ამოარჩიოს და ჩაეწეროს. ასე რომ, ეს გამოცხადდება და თავიდან გაიხსნება რეგისტრაციის პორტალი ამასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა გაბუნიამ.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, საქართველომ აპრილის ბოლოს უნდა მიიღოს AstraZeneca-ს დამატებითი დოზები. გაბუნიას განმარტებითვე, ქვეყანამ ივნისში უნდა მიიღოს Pfizer-ის დამატებითი, მცირე რაოდენობის დოზები Covax-პლატფორმიდან. რაც შეეხება პირდაპირი მოლაპარაკებებით Pfizer-ის მოწოდების გრაფიკს, ეს ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.