ვაქცინის მიღებისთვის, პარალელურად, აქტიურად მიდის მუშაობა ევროკავშირის ქვეყნებთან - გაბუნია

პუბლიკა

„კოვაქსის“ პლატფორმის გზით ვაქცინის მიღება არის ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი გზა, ამდენად ამის პარალელურად ძალიან აქტიურად მიდის მუშაობა ევროკავშირის ქვეყნებთან და ერთ-ერთი შესაძლო მექანიზმია, რომ ევროკავშირმა მისთვის შეკვეთილი დოზების ნაწილი გააზიაროს და ამაზე უკვე სერიოზულად მიდის მუშაობა, რომ ესეც შესაძლოა მოხდეს“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

ვაქცინაციის ეროვნული გეგმის ძირითადი ამოცანაა, რომ წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% აიცრას. 20%-ის აცრისთვის საჭირო ვაქცინას, ქვეყანა „კოვაქსის“ პლატფორმის მეშვეობით მიიღებს. კითხვა შეეხებოდა, თუ როგორ აპირებს ქვეყანა დანარჩენი 40%-სთვის საჭირო ვაქცინის მობილიზებას.

„ასევე ცოტა მოგვიანებით არის ოფციები, რომ ვაქცინები მეტი გაჩნდება, რადგან საკმაოდ კარგი პოზიცია აქვს დამატებით სხვა ვაქცინებსაც, რომლებიც დღეს ელოდება მესამე ფაზის დასრულებას და ავტორიზაციას. ესეც არის პერსპექტივა, რომ ჩვენ უკვე მესამე კვარტლისთვის მოვიპოვოთ დამატებით კიდევ ის ვაქცინები, რომლებიც მეტად ხელმისაწვდომი გახდება“, – განაცხადა გაბუნიამ.