ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ვაქცინაციის შესახებ ისაუბრა.
ჯანდაცვის მინისტრს შეკითხვა NDI-ის კვლევის შესახებ დაუსვეს. კერძოდ, ორგანიზაციის კვლევით, მოსახლეობის 41% არ აპირებს, ჩაიტაროს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ასევე 41% კი, ვაქცინის არსებობობის შემთხვევაში, მზად არის მის გასაკეთებლად.
ეკა ტიკარაძის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევის მიხედვით, დაახლოებით, 42% უცხადებს ვაქცინას უნდობლობას.
მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია ვაქცინის პოპულარიზაცია და მისი სანდოობის დამტკიცება, ნდობას კი, მისივე თქმით, განაპირობებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მინიჭებული სტატუსი. ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში შემოვა მხოლოდ ის პრეპარატი, რომელსაც ჯანმოს დადებითი დასკვნა ექნება.
„ვაქცინას ველოდებით თებერვლის ბოლოს, მიდის აქტიური კომუნიკაცია. დამატებით კიდევ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავაგზავნეთ ყველა კლინიკასა და სამედიცინო დაწესებულებაში მოთხოვნა, რომ მოგვაწოდონ თანამშრომლების სია, რათა სწორად დაიგეგმოს ვაქცინაციის პროცესი“, – განაცხადა მინისტრმა.
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სტრატეგიული კომუნიკაციის გეგმა უკვე შემუშავებულია და დაგეგმილია საინფორმაციო კამპანია.
„ეტაპობრივად, როდესაც ვაქცინაციის პროცესი დაიწყება, რა თქმა უნდა, მის მიერ გამოვლენილი საკმაოდ მცირე გვერდითი მოვლენები გაზრდის ჩვენს მოქალაქეებში მიმღეობას და სანდოობას.
ასევე ის, რომ ჩვენი მხრიდან თითოეული ნაბიჯი გამჭვირვალეა და ვეყრდნობით ყველაზე მაღალი ავტორიტეტის მქონეს საერთაშორისო პარტნიორებს, რაც ასევე მნიშვნელოვანია;
ვაქცინის ხარისხიც და მწარმოებელიც ახდენს მნიშვნელოვან გავლენას და ყოველივე ამის ერთობლიობა, დარწმუნებული ვარ, მოგვცემს კარგ შედეგს“, – განაცხადა მისნიტრმა.
ტიკარაძის ინფორმაციით, Pfizer-ს გარდა, I კვარტალში, ელოდებიან 500 000 დოზა AstraZeneca-ს ვაქცინას.