მასალა მომზადებულია „ამერიკის ხმის” მიერ;
2021 წლის იანვარი – ერთი წელი მას შემდეგ, რაც ჩინეთის ვუჰანის პროვინციიდან ამერიკაში დაბრუნებულ მოქალაქეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. 12 თვის შემდეგ ამერიკაში 25 მილიონ-ნახევარზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა. მსოფლიოში კი – 101 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა ვირუსით, რომელმაც გლობალური პანდემია გამოიწვია და მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და უფრო მეტის კეთილდღეობა იმსხვერპლა.
რეკორდულად მცირე დროში შემუშავებული სხვადასხვა წარმოების ვაქცინებით, იანვრის ბოლოსთვის, ოქსფორდის უნივერსიტეტის მონაცემებით, ვაქცინის 80 მილიონზე მეტი დოზა უკვე გამოყენებულია. თუმცა აცრის მსურველთა დიდ რაოდენობასთან ერთად, ბევრი ვაქცინას სკეპტიკურად უყურებს. მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილი ვაქცინებთან დაკავშირებული დეზინფორმაციისა და შეთქმულების თეორიების მსხვერპლია. მსოფლიოს ლიდერები, პრეზიდენტები, მინისტრები, პოლიტიკოსები აცრებს პირდაპირ ეთერში, ტელეკამერების წინ იკეთებენ, რათა საკუთარი მოსახლეობა დაარწმუნონ, რომ ვაქცინები უსაფრთხოა. თუმცა მცდარი ცნობები მაინც საკმაოდ ბევრ ადამიანამდე აღწევს.
კანში შესაყვანი ჩიპები, მთავრობის კონტროლი, უნაყოფობა, მეხუთე თაობის ტექნოლოგიები, ბილ გეითსისა თუ ჯორჯ სოროსის მზაკვრული გეგმა – თითქოსდა ვაქცინებთან დაკავშირებული საფრთხეების ჩამონათვალი დაუჯერებლად მრავალფეროვანია. თუმცა მსოფლიო მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილს ამ მცდარი ცნობების გამო ვაქცინის გაკეთება არ სურს, ან დარწმუნებული არაა, როგორ მოიქცეს.
დაბნეულობა და უნდობლობა ხშირად განზრახ გავრცელებული დეზინფორმაციის ავტორების მიზანია, ზოგჯერ კი ადამიანები მას წინასწარი ან ცუდი განზრახვის გარეშე ავრცელებენ. მეცნიერები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები ვაქცინებისადმი ნდობის და სარწმუნო ინფორმაციის გავრცელებაში მედიისა და სოციალური ქსელების დახმარებას ითხოვენ.
კეტრინ ბლისი, „სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრიდან“ ამბობს, რომ დეზინფორმაციის შინაარსი თვეების განმავლობაში, პანდემიის სხვადასხვა ეტაპის და საზოგადოებისთვის კრიტიკულად საინტერესო თემების მიხედვით იცვლებოდა.
„ტვიტერზე“ ჰეშთეგი „პანდემია“ ზუსტად ერთი წლის წინ გაჩნდა. ამას ახალი კორონავირუსის შესახებ სპეკულაციების მთელი წყება მოჰყვა. როგორ გაჩნდა ვირუსი, შექმნეს თუ არა ის ხელოვნურად, შემთხვევით თუ განზრახ გავრცელდა ლაბორატორიიდან, გადავიდა თუ არა ცხოველიდან ადამიანზე და ა.შ“, – იხსენებს კეტრინ ბლისი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გასული წლის დასაწყისში სიტყვა „პანდემიის“ ოფიციალურად გამოყენებამდე, ტერმინი „ინფოდემია“ დაამკვიდრა. ორგანიზაცია სწორედ კორონავირუსის შესახებ გავრცელებული ცნობების მოცულობისა და ამ ცნობებში დეზინფორმაციის რაოდენობის ხაზგასმას ცდილობდა. მცდარი ინფორმაცია პანდემიაზე სწრაფად ვრცელდებოდა. ევროკავშირმა კი განაცხადა, რომ რუსული სამთავრობო მედია ვირუსის თაობაზე დაბნეულობისა და გაურკვევლობის, უნდობლობის დასათესად ორგანიზებულ კამპანიას აწარმოებდა.
„თუკი თავდაპირველად დაბნეულობისა და დეზინფორმაციის სამიზნე ვირუსის წარმოშობის საკითხი იყო, ვაქცინაზე მუშაობის პარალელურად სპეკულაციურმა ისტორიებმა და სოციალური მედიის ფოკუსმაც ვირუსის გადადების და მკურნალობის საკითხებზე გადაინაცვლა. ვაქცინების შემუშავება-დამტკიცებამდეც კი უკვე ვრცელდებოდა ნარატივები მათი კავშირების შესახებ მიკროჩიპებთან, სამთავრობო კონტროლთან თუ უნაყოფობასთან“, – ამბობს ბლისი.
„სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრი“ ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლასთან ერთად ვაქცინისადმი მოსახლეობის განწყობებსა და დამოკიდებულებებს იკვლევს.
სპეციალისტები, რომლებიც ვაქცინებისადმი ნდობასა და აცრისადმი მზაობას იკვლევენ, ამბობენ, რომ გამოკითხულთა დაახლოებით 65 % (ამერიკასა და ბრიტანეთში) ამბობს, რომ ამჟამად, ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, ვაქცინას გაიკეთებდა.
„მოსახლეობის დაახლოებით ორი მესამედი ვაქცინის ახლავე გაკეთებაზე ინსტიქტურად ამბობს “კის“, 1/3 კი ამბობს, რომ არ გაიკეთებდა აცრას. მაგიური ციფრი კი 65 % -ია – ეპიდემიოლოგების გათვლებით, სწორედ მინიმუმ 65 % უნდა აიცრას იმისთვის, რომ ვაქცინამ მიზანს მიაღწიოს და რაც აუცილებელია, რომ გარკვეულწილად ნორმალურ ყოფას დაბუნრუნდეთ, ეკონომიკა ნორმალურად ამუშავდეს. თუმცა ევროპაში გაცილებით ცოტაა მათი რაოდენობა, ვინც ახლავე მზადაა გაიკეთოს ვაქცინა”, – ამბობს ბრიტანელი მკვლევარი, ჯონი ჰელდი.
მაგრამ ამავე ცნობებით, სახიფათოდ დიდი – 40 %-ზე მეტია იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც უფრო ჩაღრმავებული გამოკითხვისას ამბობს, რომ დარწმუნებული არაა, გაიკეთებდა თუ არა ვაქცინას. უფრო მეტი ადამიანი ამბობს, რომ „ალბათ, უფრო გაიკეთებდა“, ვიდრე „ალბათ, უფრო არ გაიკეთებდა“, მაგრამ გადაუწყვეტელ მოქალაქეთა ეს რიცხვი სპეციალისტების აზრით, საკმაოდ მაღალია.
ამასთან, გამოკითხულ მოქალაქეებში ვაქცინისადმი სკეპტიკური განწყობა კიდევ უფრო იზრდება მას შემდეგ, რაც მათ მედიაში გავრცელებულ რიგით დეზინფორმაციას, ან ყალბ ცნობებს აჩვენებენ. ამ დეზინფორმაციის წაკითხვის შემდეგ ისინი კიდევ უფრო მეტად იხრებიან უარის თქმისკენ.
„პრაქტიკულად ზღვარზე ვართ იმ მოსახლეობის რაოდენობით, ვინც ასაცრელად მზადაა და რამდენის აცრაც აუცილებელია. ამასთან 40 %-ზე მეტი გადაუწყვეტელი მოქალაქე აცრასთან დაკავშირებით – ძალიან დიდი ციფრია იმ ადამიანებისა, რომლებზეც დეზინფორმაციას გავლენის მოხდენა შეუძლია“, – განმარტავს ჯონი ჰელდი.
მკვლევარი ბაიდენის ადმინისტრაციის მოწოდებებზეც საუბრობს და ამბობს, რომ მიუხედავად ამერიკელი ხალხისადმი „ჭრილობების მოშუშებისა“ და გაერთიანებისკენ მისი მოწოდებებისა, უნდა გვახსოვდეს, რომ მეტოქე სახელმწიფოების მიერ მართული პროპაგანდის მანქანები დაპირისპირებისა და უნდობლობის დათესვას კვლავ აქტიურად განაგრძობენ.
„უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთი ყოველთვის ეცდება ამერიკის მთავრობისადმი უნდობლობა გაავრცელოს და ამისთვის ის ვაქცინებს გამოიყენებს“, – ამბობს ჰელდი და დასძენს: „ჩინეთმა უკვე დაიწყო ძლიერ საჯარო და კარგად გაშუქებული კამპანია იმისა, თუ როგორ აგზავნიან პროფესიონალებსა და სპეციალისტებს საზღვარგარეთ და მათი კონტრ-ნარატივიც სწორედ ისაა, რომ გამოსავალს ისინი გვთავაზობენ. გამოკითხვები კი აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში თუ სხვა რეგიონებშიც აჩვენებს, რომ ხალხი ახლა ჩინეთისადმი უფრო დადებითადაა განწყობილი და ფიქრობენ, რომ ჩინეთი უფრო შემოგვთავაზებს გამოსავალს,ხსნას, ვიდრე – სხვა ქვეყნები“.
შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა გასული წლის ზაფხულში ანონიმურად განაცხადეს, რომ რუსული დაზვერვის სამსახურები კორონავირუსის პანდემიის შესახებ დეზინფორმაციის გასავრცელებლად ინგლისურენოვან ვებ-გვერდებს იყენებენ. მთავრობის ოფიციალურმა პირებმა ასევე დაადასტურეს, რომ ორი რუსი, რომლებსაც მოსკოვის დაზვერვის სამსახურის მთავარ სამმართველოში, ე,წ. “გრუ”-ში მაღალი თანამდებობები ეკავათ, იმ ძალისხმევაზე აღმოჩნდნენ პასუხისმგებელნი, რომელიც ამერიკულ და დასავლეთის აუდიტორიაზე წვდომისკენ იყო მიმართული.
აცრებისადმი ნდობა მათი დამტკიცების და დისტრიბუციის პერიოდში, გასული წლის ბოლოს, წინა თვეებთან შედარებით გაიზარდა. „პიუს კვლევების ცენტრის“ დეკემბრის მონაცემებით, ამერიკელთა 60 % ვაქცინის მისაღებად დაუყოვნებლივ მზად იყო. ეს ციფრი სექტემბერში 10 %-ით ნაკლები იყო. გამოკითხული ამერიკელებიდან – ყოველი 10-დან 4 ადამიანი კი ამბობს, რომ „ნამდვილად“ ან „დიდი ალბათობით“, არ გაიკეთებს ვაქცინას. მაგრამ მათი ნახევარი უშვებს, რომ ვაქცინებზე მეტი ინფორმაციისა და დროის გასვლის შემდეგ შესაძლოა აზრი შეიცვალოს.
სტივენ მორისონი, „სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევებისა ცენტრის“გლობალური ჯანდაცვის პოლიტიკის ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი და ვაქცინისადმი ნდობის მკვლევართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ამბობს, რომ კოვიდსაწინააღმდეგო აცრისადმი დამოკიდებულება ქვეყნებისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
„თუკი ადამიანებს ვერ დავარწმუნებთ, გაიკეთონ ვაქცინა, ჩვენ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემა გვექნება. თუკი ჩვენ ვერ შევძლებთ ამ რამდენიმე თანადროული კრიზისებისგან თავის დაღწევას, მაშინ მოგვიწევს ამ გაურკვევლობაში ცხოვრება და იმ „ფასის გადახდა“, რაც ამას უკავშირდება”, – ამბობს სტივენ მორისონი.
„ფეისბუქის“ შინაარსის პოლიტიკის ერთ-ერთი მენეჯერი სარა შირაზიანი ამბობს, რომ მცდარ ინფორმაციასთან ბრძოლის ერთ-ერთი უმთავრესი გზა ზუსტი და სანდო ინფორმაციის გავრცელების წახალისებაა. „როდესაც ადამიანები დაბნეულნი არიან და შფოთავენ, ისინი ინფორმაციას ეძებენ. ჩვენ ამ დაბნეულობას უნდა ვუპასუხოთ“, – ამბობს ის და განმარტავს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში „ფეისბუქი“ რამდენიმე მიმართულებით მუშაობდა:
„ჩვენი სტრატეგია ორ ძირითად მიმართულებას გულისხმობდა. ერთი, სანდო და სარწმუნო ინფორმაციის წახალისება, წინ წამოწევაა, მეორე კი, დეზინფორმაციის გავრცელების შეჩერება, იქნება ეს სპეციალური განმარტებები, თუ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც ეს ადამიანებისთვის პირდაპირ ზიანს შეიცავს, ჩვენი პლატფორმიდან წაშლაც. ამასთან მილიონობით ადამიანი „აკლიკებდა“, ეცნობოდა იმ ინფორმაციას, რომლითაც ჩვენ მათ სანდო, საერთაშორისო წყაროებზე ვამისამართებდით“.
დევიდ ბრონიატოვსკი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ასოცირებული დირექტორი, რომელიც მონაცემების, დემოკრატიისა და პოლიტიკის მიმართულებას ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ მიუხედავად დიდი დეზინფორმაციისა, სოციალურ ქსელებში კორონავირუსზე ბევრი სანდო ინფორმაციაც მოიპოვება, ხშირად იმაზე მეტიც კი, ვიდრე – ჯანდაცვის სხვა საკითხებზე, რომლებიც მართალია გლობალური პანდემიის გამო ნაკლებ ყურადღებას იქცევს, მაგრამ მაინც ახდენს უარყოფით გავლენას ადამიანებზე.
ოქსფორდის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის ფარგლებში შეგროვებული ინფორმაციის თანახმად, 28 იანვრისთვის მსოფლიოში 86.14 მილიონი დოზა იყო გამოყენებული. მათგან შეერთებულ შტატებში – 26 მილიონზე მეტი. ევროკავშირის ქვეყნებში – 11 მილიონი, 8 მილიონამდე – დიდ ბრიტანეთში, 4.5 მილიონი – ისრაელში.
მსოფლიოს უდიდეს ნაწილში ჯერ კიდევ მხოლოდ რისკ ჯგუფებში შემავალ მოქალაქეებს ცრიან, ზოგან აცრა არც დაწყებულა ან ძალიან ნაადრევ ეტაპზეა. თუმცა ჯანდაცვის სპეციალისტების აზრით, დეზინფორმაციასთან და შეთქმულებების თეორიებთან ბრძოლა კრიტიკულად მნიშვნელოვანი სწორედ ახლაა, სანამ მოსახლეობის ფართო ჯგუფების აცრა დაიწყება. რადგან, როცა ეს მოხდება, ვაქცინაზე უარის მთქმელთა რიცხვი რაც შეიძლება ნაკლები იყოს. რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო, საერთაშორისოდ აღიარებული ვაქცინებით, პანდემიის დამარცხებას მსოფლიო მით უფრო სწრაფად შეძლებს.