ვარ პიროვნული განვითარების ტრენერი. რუსეთში ჩაბარება მეგობარმა ქოუჩმა მირჩია – ომბუდსმენობის კანდიდატი

პუბლიკა

პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტში სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენა განახლდა. კომიტეტის წევრებმა მოუსიმეს ნუგზარ კოხრეიძეს, რომელმაც კანდიდატების შეფასების სამუშაო ჯგუფისგან ერთ-ერთი მაღალი შეფასება დაიმსახურა და 237 ქულით მესამე ადგილი დაიკავა.

კოხრეიძეს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ რუსეთში 2018-2020 წლებში გავლილ გადამზადებასთან დაკავშირებით ჰკითხა. „რა გადამზადება დაგჭირდათ ასეთი, რომ თქვენ რუსეთი აირჩიეთ“, – იკითხა ზარქუამ.

„მე ვარ ტრენერი, მათ შორის საერთაშორისო ტრენერი, ბევრი მიმართულებით, მაგრამ ერთ-ერთი არის პიროვნული განვითარება და პიროვნული განვითარების ნაწილში ეს სკოლა, რომელიც მე დავასრულე, მე ამ სკოლის მასალებით ვსარგებლობდი ჯერ კიდევ 1997 წლიდან.

ეს არის იმდენად საინტერესო მიდგომა და მასალები… პიროვნული განვითარების ძალიან დიდი ციკლია. მე ვიყავი დაინტერესებული ამ მიდგომებით და ჩემმა მეგობარმა, რომელიც ასევე არის პიროვნული განვითარების საკითხებში ქოუჩი, მირჩია, რომ მოვხვდებოდი იმ ადამიანთან, ვის წიგნებსაც ვიყენებდი ჩემს პიროვნული განვითარების პროგრამებში. და ამიტომ ჩავაბარე მასთან”, – აღნიშნა კოხრეიძემ.

დეპუტატმა ზარქუამ დამაზუსტებელი შეკითხვა დაუსვა მას: „თქვენი პიროვნული განვითარება, მათ შორის – ქოუჩი, ტრენინგი, ფსიქოლოგიური კონსულტირება [ნ.კ],  ეს ყველაფერი დგას რუსულ მოდელზე? ამ შეკითხვაზე პასუხად, კოხრეიძე პასუხობს:

„არა, არ დგას რუსულ მოდელზე. თვითონ ეს სკოლა არ დგას რუსულ მოდელზე. რუსეთში კი არის, მაგრამ მათი მიდგომები არ არის [რუსული]. ავტორი არის რუსი, მაგრამ მიდგომები არ არის. მიდგომები არის იგივე, რაც დასავლეთშია პოპულარული“, – აღნიშნა კანდიდატმა.