საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის ერთი შემთხვევის კონტაქტები შესავლილია და ისინი არიან იზოლაციაში. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, თუ რომელ ჯგუფს აზარალებს ყველაზე მეტად კორონავირუსის ახალი შტამი, უცნობია.
„ამ თვალსაზრისით სრული, ჩაღრმავებული ეპიდკვლევაა ჩატარებული. რაც შეეხება იმას, თუ რომელ ჯგუფს აზარალებს მეტად ეს შტამი ამ ეტაპისთვის უცნობია. არ არსებობს მეცნიერული საფუძვლები, რომ ვივარაუდოთ, ეს შტამი უფრო მეტად აზარალებს ახალგაზრდა ასაკის მოსახლეობას. გარკვეული ვარაუდო ამასთან დაკავშირებით გამოითქვა, თუმცა დადასტურებული მონაცემი არ არის. ერთადერთი არის ის, რომ მისი გავრცელების სისწრაფე შესაძლოა იყოს უფრო მეტი, ვიდრე პირველადი ვერსიის შემთხვევაში“, – განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, ახალი ტიპის შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება და მეტი სიფრთხილეა საჭირო როგორც პირადი დაცვის საშუალებების გამოყენებით, ისე დაწესებული წესების დაცვის კუთხით.
გუშინ, 4 იანვარს საქართველოში კორონავირუსის ახალი ე.წ. ბრიტანული შტამი დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, ინფიცირებული 50 წელს გადაცილებული პაციენტია, რომელიც თავს კარგად გრძნობს და იზოლაციაში იმყოფება.