ვარდიაშვილის პროცესი | რატომ ითხოვდა დაცვის მხარე ვაჟა სირაძის მოწმედ გამოკითხვას

პუბლიკა

„პუბლიკის“ დირექტორის, ზურაბ ვარდიაშვილის დაკავების საქმეზე სხდომა წუხელ, 15-საათიანი დაყოვნების შემდგომ დაიწყო.

ვარდიაშვილი 2 მარტს, პარლამენტის მიმდებარედ დააკავეს. მის მიმართ შედგენილ სამართალდარღვევის ოქმში წერია, რომ „ვარდიაშვილი იგინებოდა ხმამაღლა, იყენებდა უწმაწურ სიტყვებს, არ ემორჩილებოდა პოლიციის არაერთგზის კანონიერ მოთხოვნას, რომ გაეთავისუფლებინა გზა“.

ვარდიაშვილის უფლებების დამცველმა პროცესზე, რამდენი შუამდგომლობა დააყენა, მათ შორის,  საპატრულო პოლიციის დირექტორის ვაჟა სირაძის მოწმის სახით გამოკითხვის შესახებ  შუამდგომლობაც.

რატომ უნდა დაეკითხათ ვაჟა სირაძე? – ვარდიაშვილის, მისი ადვოკატისა და დაცვის მხარის მოწმეების განცხადებით, 2 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციისას ვარდიაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითების შემდეგ დააკავეს.

დაცვის მხარეს სურდა, კითხვები პირადად სირაძისთვის დაესვა, თუ რა და რატომ ჩათვალა მან ვარდიაშვილის მხრიდან სამართალდარღვევად. დაცვის მხარის პოზიციით, ადგილზე რეალურად ზურა ვარდიაშვილის მხრიდან არანაირ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია.

ვარდიაშვილის წარმომადგენელმა სხდომაზე ასევე წარადგინა ვიდეო, სადაც ჩანს ვაჟა სირაძე და ისმის მისი ხმა: „გამოათრიეთ აქედან“, „დავაი, გაათრიეთ“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა თქმით, ვარდიაშვილი უშუალოდ დააკავა პოლიციელმა გიგა მოდებაძემ და მისი გამოკითხვა ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისთვის საკმარისი იქნებოდა.

მოსამართლის თქმით, აღნიშნული პირის მოწმედ გამოკითხვის გადაწყვეტილებას პატრულ-ინსპექტორი გიგა მოდებაძის გამოკითხვის შემდეგ მიიღებდა. მოწმეთა გამოკითხვამდე სასამართლომ ასევე გამოიკვლია, ანუ უყურა იმ ვიდეომტკიცებულებებს, რომელიც დაცვისა და ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებმა წარადგინეს. მათ შორის, როგორც აღვნიშნეთ, იყო ვიდეო, სადაც ვაჟა სირაძის მოქმედებები ჩანს.

გამოკითხულმა გიგა მოდებაძემ სხდომაზე აღნიშნა, რომ ვარდიაშვილი დადიოდა გზის სავალ ნაწილზე და იგინებოდა. კითხვაზე, ვისი მისამართით იგინებოდა, უპასუხა, რომ იგინებოდა კანონის მისამართით. რაც შეეხება დაკავების ეპიზოდს, მოდებაძემ დაადასტურა, რომ ვარდიაშვილი სირაძის მითითების შემდეგ დააკავა, ვინაიდან თავადაც ეთანხმებოდა მიღებული მითითების კანონიერებასა და საჭიროებას.

შსს-ს წარმომადგენელთა შეკითხვაზე, რომ არა ვაჟა სირაძე, თავად დააკავებდა თუ არა ვარდიაშვილს, მოდებაძემ აღნიშნა, რომ დააკავებდა.

მოწმეთა გამოკითხვის შემდგომ მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა არ დააკმაყოფილა ვაჟა სირაძის მოწმედ დაკითხვის შუამდგომლობა. მას არ დაუსაბუთებია ეს პოზიცია.

ვარდიაშვილმა სხდომის მიწურულს აღნიშნა, რომ ოქმში მოყვანილი არცერთი გარემოება, ასევე, შსს-ს წარმომადგენელთა განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება. ის უარყოფს მათ განცხადებებს, რომ იგინებოდა და წინააღმდეგობას უწევდა პოლიციას.

საქმეზე გადაწყვეტილება 18 აპრილს 17 საათზე გამოცხადდება.