ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის განცხადებით, „თუ საქართველო 2030 წლისთვის თუ იქნება მზად და ყველა პირობას დააკმაყოფილებს, მაშინ ევროკავშირიც მზად უნდა იყოს საქართველოს მისაღებად 2030 წლისთვის”.
„რადგან ეს ორმხრივი მიმართულებაა, კანდიდატი თუ ცდილობს, მაშინ ევროკავშირიც უნდა ეცადოს“. – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.
ირაკლი კობახიძესა და ჯოზეფ ბორელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ვარჰეიმ ასევე განაცხადა, რომ ევროკომისია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა კანდიდატები 2030 წლისთვის მოემზადონ, თუ ეს [ევროკავშირის გაფართოება] 2030 წელს მოხდება.
„მაგრამ ნათელი და მკაფიო პირობებია განსაზღვრული წევრობისთვის და მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება ქვეყანა ევროკავშირის წევრი, როდესაც ყველა პირობას შეასრულებს”. – ამბობს ვარჰეი.
მან ასევე თქვა, რომ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე შეთანხმდა, რომ დააჩქარებდნენ მუშაობის ტემპს, რათა ევროკავშირის და 9 ნაბიჯის შესრულების გზაზე დადგეს შედეგი და შესრულდეს სამოქმედო გეგმა
„ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს შეუძლია გაფართოების ამოცანებისთვის ნაბიჯების გადადგმა. ამიტომაც, ვთხოვთ ქართველ მეგობრებს, დააჩქარონ რეფორმები სასამართლო და სხვა მიმართულებებით. დღეს ერთად გავიარეთ 9 ნაბიჯი, რათა ჩვენც მოვემზადოთ შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად. ჩვენი შეხვედრის მიზანიც ესაა – შევიყვანოთ საქართველო ევროკავშირში. წინ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს. ძალიან კარგია, რომ საქართველოსთვის უკვე მობილიზებულია 1.9 მილიარდი ევროს ინვესტიცია. ეს არის შეტანილი საქართველოს ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმაში. ეს თანხა პირდაპირ ეკონომიკაში შევა”. – თქვა ოლივერ ვარჰეიმ.
მისივე განცხადებით, ყველაზე ხელშესახები საერთო პროექტი არის შავი ზღვის ელექტროენერგიის და ფართოზოლოვანი ინტერნეტის კაბელის პროექტი.
მან ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა, შავი ზღვა იქცეს ახალ დერეფნად ევროპისკენ, ამისთვის კი საჭიროა გვჭირდება საპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.
კითხვაზე, როდის გახსნის კარს ევროკავშირი საქართველოსთვის, ვარჰეიმ აღნიშნა: „კარი ღიაა“