ვარიანტებში საქართველოს EU-ის ინტეგრაციის შეჩერება უნდა იყოს ნახსენები - ლანდსბერგისი

პუბლიკა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ამბობს, რომ საქართველოს შესახებ EU-ის მინისტრებისთვის წარდგენილ ვარიანტების დოკუმენტში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერებაც ერთ-ერთი ვარიანტი უნდა იყოს.

ამის შესახებ მან დღეს ლუქსემბურგში შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„კარგი ნაბიჯია, რომ ვარიანტების დოკუმენტია წარმოდგენილი. სამწუხაროდ, არის რაღაც ვარიანტები, რაც არ არის ამ დოკუმენტში ნახსენები, მაგალითად, საქართველოს EU-ის ინტეგრაციის შეჩერება, რაც ვფიქრობ, რომ უნდა იყოს ნახსენები”, – განაცხადა მან.

დღეს საქართველოს შესახებ ლუქსემბურგში მსჯელობა გაიმართება. „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ ევროკავშირში საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები ჯერ არ მიუღიათ, თუმცა შესაძლოა მალე იყოს მოკლევადიანი ზომები, მათ შორის დახმარების შეჩერება.

როგორც მანამდე იოზვიაკი წერდა, საქართველოს შესახებ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ვარიანტების ფურცელი გაეგზავნათ.

მისი თქმით, ხანმოკლე შეზღუდვები მოიცავს დაფინანსების შეწყვეტას, ხოლო სიტუაციის მნიშვნელოვნად გაუარესების შემთხვევაში, განიხილება ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაც.

კერძოდ, იოზვიაკის ინფორმაციით, სავარაუდო ვარიანტები ასეთია:

მოკლევადიანი ზომები: დაფინანსების დროებით შეჩერება, მაღალი დონის შეხვედრების შეჩერება.

სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში: ინდივიდუალური სანქციები, ვიზები დიპლომატიური პასპორტებისთვის, სამხედრო/ჰუმანიტარული დახმარების შეწყვეტა;

სიტუაციის მნიშვნელოვანი გაუარესების შემთხვევაში: ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება.