თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ავარიული შენობა-ნაგებობების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, თბილისში ბევრი ავარიული შენობა-ნაგებობაა, მაგრამ, ამ მხრივ, ერთ-ერთი გამორჩეული სამგორის რაიონი, კერძოდ, ვარკეთილის მესამე მასივია.
თბილისის მერის განცხადებით, სწორედ ვარკეთილის მესამე მასივის ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლებისა და ამ არეალის განვითარების კონცეფცია მოამზადა მერიამ, რომელსაც მალე საკრებულოს წარუდგენს.
„პრობლემა, რომელიც ეხება თბილისში არსებულ ავარიულ შენობა-ნაგებობებს, სამწუხაროდ, ბევრი გვაქვს. ამ ავარიული შენობა-ნაგებობებიდან არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რომელთანაც გვაქვს ერთი კონკრეტული მიდგომა და არის ჩვეულებრვი შენობა-ნაგებობები და კატეგორიების მიხედვით განისაზღვრება მათი ავარიულობა. გვინდა, ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება გითხრათ, ზოგადად, ამ თემასთან დაკავშირებით.
რა თქმა უნდა, ყველა რაიონში არსებობს ეს პრობლემა, მაგრამ ამ წუთში ჩვენ ვისაუბრებთ სამგორის რაიონზე, კონკრეტულად ვარკეთილის მესამე მასივის შესახებ, სადაც რაოდენობრივადაც ყველაზე მეტი გვაქვს ასეთი შენობა-ნაგებობები – არის მესამე, მეორე კლასის ავარიული შენობები და რამდენიმე მეხუთე კლასის ავარიული შენობები. საქმე ეხება ამ კვარტალის განაშენიანების კონცეფციას, რომელიც დედაქალაქმა შეიმუშავა ამ შენობა-ნაგებობების ჩანაცვლება-განახლებისთვის და წარმოვადგინეთ ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს კონკრეტული არეალები.
უახლოეს პერიოდში დეველოპერულ სექტორს შევთავაზებთ, და ასევე სამშნებელო სექტორს, ავარიული შენობების ჩანაცვლების ეკონომიკურად გამართულ კონცეფციას. ეს კონცეფცია დამუშავებულია უკვე, მაგრამ საკრებულოში ჯერ არ არის გადაგზავნილი. თუმცა, ეს ამბავი ბევრმა გაიგო უკვე და დაიწყეს შეხვედრები მოსახლეობასთან. განსხვავებულ ხედვაზე ელაპარაკებიან ამ ადამიანებს, რაც რეალობას არის მოწყვეტილი, აცნობენ პირობებს, რომელიც საერთოდ განსხვავეულია იმ კონფცეფციისგან, რომელიც ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი. პრაქტიკულად, ადგილი აქვს სამშენებლო კომპანიების მხრიდან პროექტების წინასწარ დატაცების მცდელობას, რომლითაც ვიღებთ იმას, რომ მოსახლეობა შეჰყავთ შეცდომაში და არასწორ მოლოდინს აჩენენ ეს კონკრეტული კომპანიები თუ კონკრეტული პირები, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში ხვდება იქ მოსახლეობას”, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, ეს კომპანიები გარკვეულ დაპირებებს აძლევენ მოსახლეობას და მოუწოდა, თავი შეიკავონ.
„ასევე მინდა, მივმართო ადგილობრივ მოსახლეობას, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებას არ მივიღებთ კონცეფციასთან, იმ კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს არეალი, ჩემი თხოვნა იქნება, არავისთან არ შეხვიდეთ კომუნიკაციაში და არანაირი ხელშეკრულებები არ დაუდოთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.