„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ვარკეთილის მეტროსთან გუშინ მომხდარ თავდასხმას ბრიფინგით გამოეხმაურა. ვაშაძე ამბობს, რომ პოლიცია არ აპირებდა თავდამსხმელების დაკავებას. მისი ბრალდებით, თავდამსხმელებმა პარტიის მოხალისეებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაც იმის მაგალითია, როგორი არჩევნების ჩატარებას აპირებს ხელისუფლება.
„რამდენი ხანი ითხოვდნენ ახალგაზრდები მათ დაკავებას და რამდენი ხანი პოლიცია ვერ წყვეტდა, დაეკავებინა თუ არა. როგორც ჩანს გარკვეული ზარები ხორციელდებოდა პოლიციელებთან, რომ არ მომხდარიყო ამ ადამიანის დაკავება. ნახეთ, როგორ ელოლიავებიან ამ ადამიანს. აბა, სხვა შემთხვევა ყოფილიყო, ხელი წასცდენოდა რომელიმე ოპონენტს?! რა თქმა უნდა, მყისიერი რეაგირება მოხდებოდა. არ ვაპირებთ, შევეგუოთ ძალადობას. თუ ასე აპირებთ არჩევნების ჩატარებას, მიიღებთ მკაცრ პასუხს. მოვითხოვთ ამ ადამიანების უმკაცრესად დასჯას და მოვითხოვთ თქვენგან, ხელი აიღეთ ძალადობისგან,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
https://www.facebook.com/G.Vashadze/videos/1257372584600050/?v=1257372584600050
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, ორი პირი: 1987 წელს დაბადებული გ.ხ. და 1976 წელს დაბადებული პ.ს. დააკავეს.
„მიმდინარე წლის 9 სექტემბერს, თბილისში, მეტროსადგური „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ორმა მოქალაქემ – გ.ხ.-მ და პ.ს.-მ პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ორ აქტივისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა“, – აცხადებს შსს.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზევე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.