თბილისის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, ჯავახეთისა და კალოუბნის ქუჩებიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს.
როგორც უწყება აღნიშნავს, ტერიტორია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დაასუფთავეს.
„მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის პრობლემის მოგვარების მიზნით, თბილისის მერმა, კახა კალაძემ სამგორის რაიონის გამგებელს, კახა სამხარაძეს ახლომდებარე ბაზრობების დირექციასთან მოლაპარაკება დაავალა, რათა გარემოვაჭრეებმა სპეციალურად გამოყოფილ სავაჭრო სივრცეებში გადაინაცვლონ.
სამგორის გამგეობის წარმომადგენლების მუშაობის შედეგად, ბაზრობის დირექცია გარემოვაჭრეებს სპეციალურ პირობებს შესთავაზებს. კერძოდ, ისინი სამი თვის განმავლობაში, გათავისუფლდებიან საიჯარო გადასახადისგან,ხოლო შემდგომში საშეღავათო პირობებით ისარგებლებენ. სამგორის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, გარემოვაჭრეებსა და შპს „ვარკეთილი 96“-ის წარმომადგენლებს შორის შეხვედრებიც გაიმართა“, – აღნიშნა უწყებამ.
როგორც თბილისის მერია ამბობს, მუნიციპალურმა ინსპექციამ მოვაჭრეები რამდენჯერმე გააფრთხილა, უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა შეეწყვიტათ.
„მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარედ გარევაჭრობის აღკვეთის მოთხოვნით, მუნიციპალიტეტის მერიას, თბილისის მუნიციპალურ ინსპექციასა და რაიონულ გამგეობას მოქალაქეებმა არაერთხელ მიმართეს. გარდა იმისა, რომ გარევაჭრობა უკანონოდ ხორციელდებოდა, ტროტუარის დაკავების შედეგად, გადაადგილება ფერხდებოდა“, – განაცხადა თბილისის მერია.