შსს-ს ცნობით ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს და დაკავებულია 2 პირი. საქმე ეხება გუშინ ვარკეთილში „ლიდერბეთის“ ტოტალიზატორის დაყაჩაღების საქმეს.
დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, მეტროსადგური „ვარკეთილის” მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ ტოტალიზატორში თავს დაესხნენ ამავე ტოტალიზატორის მოლარეს – 1994 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს. თავდამსხმელებმა მოლარეს დანის მუქარით გააღებინეს სეიფი და გაიტაცეს თანხა, ვიდეოკამერების ჩამწერი მოწყობილობები, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მალევე მოახდინეს დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირების იდენტიფიცირება. პოლიციამ გ.კ. და ჯ.ტ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავა. გატაცებული თანხის ნაწილი ამოღებულია ნივთმტკიცებად“, –ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.