ვარლამ გოლეთიანი განმარტავს, რატომ ჩავიდა ჭყონდიდის ეპარქიაში

პუბლიკა

მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი განმარტავს, რატომ ჩავიდნენ „რიონის ხეობის მცველები“ დღეს ჭყონდიდის ეპარქიაში, სადაც სასულიერო პირებსა და მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

Facebook-ჩართვაში გოლეთიანი ამბობს, რომ მიტროპოლიტი სტეფანე, რომელიც ჭყონდიდის ეპარქიის წინამძღვარია, ასევე არის ცაგერის და ლენტეხის ეპარქიის წინამძღვარიც. მისი თქმით, ის სასულიერო პირის ოჯახიდანაა და აქედან გამომდინარე, აქვთ კომუნიკაცია მიტროპოლიტ სტეფანესთან და იმ ტაძრის მრევლი არიან, სადაც მიტროპოლიტი აღავლენს ღვთისმსახურებას.

„ჩვენ ვღებულობთ მონაწილეობას, ხშირად დავდივართ ხოლმე ცაგერში სხვადასხვა დღესასწაულებზე და ბუნებრივია, როდესაც მეუფემ დამატებით შეითავსა ჭყონდიდის ეპარქიის მართვა და დღეს იქ უნდა აღევლინა საღვთო ლიტურგია, გადავწყვიტეთ, წავსულიყავით და დავსწრებოდით ტრადიციულად სამეუფეო მსახურებას“, – განაცხადა მან.

ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ ამ ყველაფერს სპეკულაციები მოჰყვა, მისი თქმით, ისინი ოკუპანტ რუსეთთანაც დააკავშირეს.

„ყველა გზა საბოლოო ჯამში ამ ქვეყანაში პუტინთან  მიდის, როგორც ვიცით, ამიტომ მოხდა ჩვენი დაკავშირებები, რომ რატომ ჩავედით, რისთვის ჩავედით, ვინ დგას ჩვენ უკან და ა.შ. ამიტომ გვინდა, კანონზომიერება ავხსნათ პროცესების, ის, რომ ჩვენ ვართ ზოგადად ეკლესიის წევრი ადამიანები და ვიყავით ბზობის დღესასწაულის აღსანიშნად“, – თქვა გოლეთიანმა.

ვარლამ გოლეთიანმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის არავის „მომხრე, დამცველი და ადვოკატი“ არ არის.

„უბრალოდ ჩვენ ჩავედით მსახურებაზე დასასწრებად და ზოგადი სურათი რაც არის ჭყონდიდის ეპარქიაში და რასაც ვადევნებთ თვალს ტელევიზორებიდან, რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც შემაშფოთებელია და სურვილი გამოვხატეთ დღესაც იმისა, რომ დალაგდება იმედია ყველაფერი იქ და დაუბრუნდება ეპარქია ნორმალური ცხოვრების რიტმს ამ მიმართულებით.

რა თქმა უნდა, ვემიჯნებით იმ ყოველგვარ პროვოკაციებს და ძალადობას, რაც იქ ხდება და დღესაც ჰქონდა ადგილი. სამწუხაროა ის, რომ სამართალდამცავი ძალები არ იყვნენ შესაბამისად  მობილიზებული და ვის ინტერესებში შედის ესეთი დაძაბულობა იქ, ნამდვილად გაუგებარია ჩვენთვის.

ჩვენ როცა ვდგავართ უშუალოდ გუმათში, იცით, რა ვითარებაა. ბარიკადებია გადებული და 25 მწკრივად დგას საპოლიციო ძალები, რომ რაღაც თითქოს დაპირისპირება არ მოხდეს არარსებული  დაპირისპირება ადამიანებს შორის და როცა ვხედავთ, რომ იქ [ჭყონდიდში] არის გარკვეული საშიშროება, დღეს იყო ამის საშიშროება, მომხდარიყო რაღაც დაპირისპირება, საერთოდ არც ერთი სამართალდამცავი არ იყო პრაქტიკულად და შეიძლება ითქვას, რაღაცნაირად ეს დაპირისპირებული მხარეები შეტოვებული იყვნენ ერთმანეთის ხელში, რაც, რა თქმა უნდა, პირდაპირ პროვოცირებაა იმისა, რომ მოხდეს კიდევ უფრო დაძაბვა სიტუაციას. ნუ, რა საკვირველია, ამ ყველაფერს ვემიჯნებით.

აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვართ ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურობით ვცხოვრობთ პროტესტის მიუხედავად. როცა დამთავრდება პროტესტი და მივიყვანთ ბრძოლას ბოლომდე, ასევე გაგრძელდება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება და ვერ ვიფიქრებთ იმაზე, სად რომელი კამერა დაგვხვდება ჩასაფრებული, სადაც დავაპირებთ, მივიდეთ – ამათუიმ ეპარქიაში თუ ამათუიმ მსახურებაზე“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

„რიონის ხეობის მცველის“ თქმით, „ეს ისტერია აწყობთ გარკვეულ ძალებს, მისი აგორება სოციალურ ქსელში და დაკავშირებები მეზობელ რუსეთთან და ცალკეულ პერსონებთან“.

გოლეთიანი იმედს გამოთქვამს, ვინც „საღად“ ადევნებს პროტესტს თვალს, კარგად ხვდება მათ სულისკვეთებას და დამოკიდებულებას.