ვარლამ გოლეთიანი ჰომოფობიური განცხადების კრიტიკას ეხმაურება

პუბლიკა

„რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წევრი ვარლამ გოლეთიანი მოძრაობის მიერ პრაიდის შესახებ გაკეთებული ჰომოფობიური განცხადების კრიტიკას პირველად გამოეხმაურა.

მისი თქმით, ნამახვანჰესის წინააღმდეგ მიმართული პროტესტის დროს განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანებმა ერთად დადგომა შეძლეს და მათ თანაცხოვრების პრობლემა არ ჰქონიათ.

„ის ბრალდებები, რაც ჩვენი მისამართით წამოვიდა ჰომოფობიასთან დაკავშირებით და სიძულვილის წახალისებასთან, ამას მინდა განსაკუთრებით გავუსვა ხაზი, რომ როცა საუბარია სიძულვილის წახალისებაზე ჩვენგან და ჰომოფობიაზე, რბილად რომ ვთქვა, ეს არის სასაცილო იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ ის ხალხი, რომელიც სიტყვით ამბობს, რომ ვემიჯნებით ძალადობას და სინამდვილეში არ ვიცით რა არის მისი ქმედება“, – განაცხადა გოლეთიანმა.

მისი თქმით, მოძრაობის წევრები საკუთარი საქმით ამტკიცებენ, რომ ძალადობას ემიჯნებიან და ქმნიან ისეთ უპრეცედენტო გარემოს, სადაც განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანები ახერხებდნენ საერთო პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლას.

გოლეთიანმა ასევე აღნიშნა, რომ დაისვა კითხვები, თუ რატომ გამოეხმაურნენ მაინცდამაინც პრაიდს, როცა ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე კომენტარს არ აკეთებდნენ. მისივე თქმით, თუ არ იქნება ერთობა და იქნება დაქსაქსულობა რეალური პრობლემების მოგვარებას თავს ვერ გაართევენ.

„ამიტომ როცა ასეთი ღონისძიების – პრაიდის ინიცირება ხდება, რომელიც პირდაპირ დარტყმას აყენებს იმას, რომ შევძლოთ ჩვენ გაერთიანება და ეროვნული ერთობის მიღწევა, ბუნებრივია, ვერ იქნება გაზიარებული და ეს არის არასწორი მოქმედება სამოქალაქო მოტივით თუნდაც“, – განაცხადა გოლეთიანმა.

გოლეთიანის განცხადებით, ადამიანები კომენტარებშიც აღნიშნავდნენ, რომ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებზე თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ და პირიქით, გრძნობდნენ კეთილგანწყობას.

„არასდროს არ უგრძვნიათ განსხვავებულობა. არც ყოფილა ამაზე ხაზგასმა, ყველა კარგად გრძნობდა თავს და ვიყავით გაერთიანებული. ვფიქრობ, რომ დღესაც ვართ გაერთიანებული“, – აღნიშნა გოლეთიანმა.

ვარლამ გოლეთიანის აზრით, პრაიდი თავსმოხვეულია და მას ნამახვანჰესის კასკადს ადარებს:

„შემიძლია პარალელი გავავლო ნამახვანჰესის კასკადთან, რომელიც რამდენიმე ადამიანის ინტერესია და თავსმოხვეულია დანარჩენ საზოგადოებაზე, რომ თითქოს ეს არის სახალხო ინტერესის საგანი, რატომ არ გაინტერესებთ ეს ხომ თქვენთვის კეთდება… და სინამდვილეში კონკრეტული ჩინოვნიკების, კონკრეტული პირების გამდიდრებას ემსახურება და წარმოაჩნენ როგორც სახალხო საჭიროების საგანს.

იგივე შემიძლია ვთქვა პრაიდთან დაკავშირებით, როგორც ვიწრო, რამდენიმე ადამიანის ჯგუფი, რომელიც აორგანიზებს ამ ყველაფერს და ამ ყველაფერს ასევე ხელს უწყობს გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები და იყენებენ სინამდვილეში ადამიანებს ვაჭრობის საგანად და აპირისპირებენ საზოგადოებას, რომელი დაპირისპირებაც არ არსებობს სინამდვილეში. როცა ჩვენ ყველანი ჩვენს სივრცეებში ვრჩებით და არ გავდივართ ჩვენი პირადი სივრცის მიღმა“, – აღნიშნა გოლეთიანმა.

მისივე თქმით, პრაიდით არარსებულ და გამოგონილ საკითხებზე ხდება ორიენტირება.

„სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ შევძლოთ ისეთი საზოგადოების შექმნა, სადაც არ იქნება ორიენტირება ისეთ არარსებულ და გამოგონილ საკითხებზე, რაც ახლა ამ პრაიდით ხდება საზოგადოებაზე, რომ თითქოს ვიღაც იჩაგრება და ჩვენ ამ დაჩაგრულ ადამიანებს უნდა მივეშველოთ“

გოლეთიანის თქმით, ღონისძიების ამ ფორმით ინიცირება უფრო დიდ ჩაგვრას იწვევს.

„გაცილებით დიდ ჩაგვრას იწვევს ამ ადამიანებთან დაკავშირებით მიმდინარე, ამ ფორმით ინიცირება რაღაც ღონისძიების, რადგაბ საზოგადოების დიდ ნაწილი ამას ღებულობს ისე, როგორც ღებულობს, იმ იდეოლოგიურ ნაწილში, რომ ხდება ვიღაცის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა და ა.შ. – ეს ვრცელი თემაა და შორს წაგვიყვანს, მაგრამ ჩვენ გვინდა მკაფიოდ ვთქვათ: საუბარი იმაზე, რომ თითქოს ჩვენგან წახალისებულია ძალადობა, ეს არის უბრალოდ წარმოუდგენელი მაშინ, როცა ჩვენვე გვქონდა სივრცე შექმნილი და გვაქვს სივრცე შექმნილი, სადაც ეს ადამიანები ჩვეულებრივად თანაცხოვრობდნენ, სხვადასხვა ჯგუფები გაერთიანებული იყვნენ საერთო პრობლემების წინააღმდეგ“, – განაცხადა მან.

მას ასევე აღნიშნა, რომ შემაშფოთებელია, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, ამიტომ არ შეიძლება ისეთი პროცესების პროვოცირება, რამაც, შესაძლოა, დაპირისპირება გამოიწვიოს.

„სოციალურ ქსელში რასაც ვხედავთ, შემაშფოთებელია, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და ვფიქრობთ, რომ ამაზეც პირდაპირ უნდა ითქვას. და ამიტომ ვამბობ, რომ არ შეიძლება ინიცირება და პროვოცირება მოახდინო ისეთი პროცესის, რომელმაც შესაძლოა დაპირისპირება გამოიწვიოს, ეს ყოვლად მიუღებელია, ამიტომ მკაფიოდ უნდა მოხდეს გამიჯვნა ამ პროცესისგან, ეს გავაკეთეთ ჩვენს წერილში“, – აღნიშნა მან.

გოლეთიანმა ასევე აღნიშნა, რომ არ სურს საკუთარი რელიგიური გრძნობები შეურაცხყონ, ამიტომ პრაიდის ჩატარების ფორმას დიდი მნიშვნელობა აქვს.

„რაც შეეხება მხარეს, რომელიც ვიცავთ ჩვენს რელიგურ გრძნობებს და არ გვინდა, რომ შეურაცხყოფილად ვიგრძნოთ თავი ამ ჩატარებული პრაიდით, სწორედ ჩვენგან არის მნიშვნელოვანი ის, რა ფორმებით იქნება გამოხატული ეს ყველაფერი, ამას აქვს  უდიდესი მნიშვნელობა იმიტომ, რომ მუდმივად ამას მოვუწოდებთ ადამიანებს, თუ შენ რაიმე გაწუხებს, შენ არცერთ შემთხვევაში არ უნდა დააპირო ამის ძალადობრივი გზებით გადაწყვეტა და მოგვარება, ეს არის უმნიშვნელოვანესი“, – განაცხადა გოლეთიანმა.

მისივე თქმით, არ შეიძლება ადამიანი ქრისტიანობის სახელით ქვებს ისროდეს ან ძალადობრივ ქმედებას სჩადიოდეს, თუმცა დასძინა, რომ გძალადობის „პროვოცირებასაც“ ყველა უნდა გაემიჯნოს.

„ჩვენც ხშირად მოგვიწოდებენ, რომ რატომ არ გაიმეორეთ ისეთი შემთხვევები, როდესაც ქვის სროლით მოგვარდა პრობლემა იგივე ჰესებთან დაკავშირებით. არ არის ეს უბრალოდ სწორი და არ შეიძლება ქრისტიანობის სახელით ადამიანი ან ქვას ისროდეს ან რაიმე ძალადობრივ მოქმედებას მიმართავდეს, რაც არ უნდა შეურაცხყოფილად გრძნობდეს ის თავს. და ამას აკეთებდეს ან ეკლესიის, ან ღმერთის სახელით რაღაც ძალადობრივ ქმედებას ახორციელებდეს, რაც არ უნდა გამართლებულად თვლიდეს თავად ამას, ძალადობას არცერთ შემთხვევაში გამართლება არ აქვს ბუნებრივია, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ინიცირებას ამ ძალადობის და პროვოცირებას, ძალადობის გამოწვევას აბსოლუტურად ყველა უნდა გავემიჯნოთ და ალბათ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ამ ნაწილში არის სახელმწიფოზე, იმიტომ, რომ არ შეიძლება ადამიანები ასე შუბლით დააჯახო ერთმანეთს და სეირის მაყურებლად იყო ამ დროს შენ, ალბათ, ეს ყველაზე მეტად არის ამ ხალხის პრეროგატივა, რომ ეს პროცესები დალაგდეს და მშვიდობიანად ჩაიაროს“, – განაცხადა გოლეთიანმა.

გოლეთიანის თქმით, პროტესტის სივრცე კვლავ ყველასთვის ღია და უსაფრთხო იქნება.

„კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ის, რომ აქ ეს სივრცე დაიკარგოს ამ ადამიანებისთვის, რომ თითქოს უსაფრთხოდ ვერ იგრძნონ თავი  და ა.შ. ეს უბრალოდ ყველამ უნდა გამოვრიცხოთ,  რა თქმა უნდა. იმიტომ, რომ ყველაზე დიდი მონაპოვარი ამ ყველაფრის არის სწორედ ეს, რასაც მივაღწიეთ ჩვენ აქამდე , რომ სხვადასხვა ჯგუფები რეალური პრობლემის წინააღმდეგ ვიყავით გაერთიანებული და მე დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ეს ასეც იქნება“, – განაცხადა მან.