ვართ და ვიქნებით ძალიან პრინციპული კორუფციასთან ბრძოლაში - კალაძე

პუბლიკა

დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერი კახა კალაძე გუშინ დაკავებული მერიის თანამშრომლის საქმეს გამოეხმაურა.

„გუშინ შესაბამისმა სამსახურებმა მუნიციპალური ინსპექციის  ერთ-ერთი თანამშრომელი დააკავეს. მე არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ ვართ და ვიქნებით ძალიან პრინციპული კორუფციასთან ბრძოლაში და არავის არ მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ კანონს თავი აარიდონ და არასწორად იმოქმედონ.

მე მინდა ჩვენი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ბატონ ვალერი ჭიღლაძეს მადლობა გადავუხადო იმ საქმიანობისთვის, რასაც ამ მიმართულებით ჩვენ ვაკეთებთ და ზოგადად, სისტემა, რომელიც ჩვენი მხრიდან არის დანერგილი შესაბამის სამსახურებთან ერთად, ეფექტიანად მუშაობს და ეს შედეგი სამწუხაროა,  რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ ვიქნებით უკომპრომისოები და ძალიან პრინციპულები კორუფციასთან ბრძოლაში.

ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გააფრთხილეთ თქვენი თანამშრომლები, ეს არის კატეგორიული მოთხოვნა, რომ ყველა იყოს ძალიან ყურადღებით და ყველამ იმოქმედოს კანონის ფარგლებში“, – განაცხადა კახა კალაძე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გუშინ დააკავეს თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეს, თბილისში, აფრიკის დასახლებაში განხორციელებული უკანონო მშენებლობის მფარველობისა და კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადებისაგან განთავისუფლების სანაცვლოდ, შუამავლის მეშვეობით, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 2 500 ლარი.