დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელება პიკურ ფაზაში შედის, რადგან საქართველოში შიდა გავრცელების პირველი შემთხვევის დავიფიქსირებიდან მე-6 კვირაში ვართ.
„ჩვენ ეს რამდენიმეჯერ ვთქვით, რომ ჩვენ ვანგარიშობთ პიკში შესვლის პერიოდს, როცა შიდა გავრცელება გვიფიქსირდება. ჩვენთან კოვიდინფექციის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა 26 თებერვალს. როცა ვერ გავედით პირველ წყაროზე, დავაფიქსირეთ 22 მარტს. სხვა ქვეყნების გამოცდილებით, პიკური პერიოდი დგება შიდა გავრცელებიდან მე-6, მე-7, მე-8 კვირის ფარგლებში.
ხანდახან მესმის სოციალურ ქსელებში, რომ გამყრელიძე სულ ამბობს ახლა ორი კვირის შემდეგ იქნება, ახლა სამი კვირის შემდეგ იქნება. არა, მე თავიდანვე ვთქვი, რომ ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ, მე-7, მე-8 კვირაში. ახლა ჩვენ მე-6 კვირაში ვართ შიდა გავრცელების დაწყებიდან. ამიტომ ვამბობდით, რომ აპრილის ბოლო კვირა და მაისის პირველი ორი კვირა იქნება საფრთხილო.
ჩვენ შევაკავეთ და არ გვაქვს შემთხვევების დიდი რაოდენობა. მთავარი მიზანია, რომ მე-6, მე-7, მე-8 კვირა გავიაროთ ამ ტიპის ზრდით, ანუ არ გვქონდეს მრუდზე დიდი ციცაბო.
ვთქვათ, რომ შევდივართ, ვართ გარკვეულად პიკში. მე-6, მე-7, მე-8 კვირა ყველა ქვეყნისთვის პიკია. მაგრამ პიკი ჩვენთვის სასურველია, იყოს ასეთი დუნე და არა ციცაბო მატება. ეს არის ჩვენთვის მთავარი. ამიტომ ვამბობთ, რომ დიახ, მე-6, მე 7, მე-8 კვირა არის საფრთხილო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ ტვ „პირველის“ ეთერში.