მე არ ვითავე ჯვარი, რომ ვიყო პროტესტის ორგანიზატორი - ვასაძე „ღირსების მარშზე“

პუბლიკა

მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედის“ (ერი) დამფუძნებელი, ჰომოფობიური, ქსენოფობიური და ულტრანაციონალისტური განწყობების მქონე ბიზნესმენი ლევან ვასაძე აცხადებს, რომ „პრაიდის კვირეულის“ წინააღმდეგ პროტესტის ორგანიზატორის „როლს იხსნის“ და ამბობს, რომ ყველა, ვინც გასაპროტესტებლად მივა, თავის აზრსა და პოზიციას გამოხატავს და დამოუკიდებლად იმოქმედებს.

მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზეც ჰომოფობიური განცხადებები გააკეთა და აღნიშნა, რომ: „მთელი კვირეული არის გასაუქმებელი, რისკენაც ჩვენ მოვუწოდებთ სახელმწიფოს. თუ ასე არ მოხდება, ეს ქმნის ამ დაძაბულობისა და კონფლიქტების რისკს“.

ლევან ვასაძის განცხადებით, „პრაიდის კვირეულში“ დაგეგმილი მსვლელობა არ ჩატარდება, რადგან იქ „სპონტანურად უამრავი ხალხი მივა და მოხდება ის, რაც მოხდება“.

„ამიტომ მოვუწოდებთ აქედანვე ხელისუფლებას, თავიდან ავიცილოთ… ვეცადე დამესაბუთებინა როგორც გეოპოლიტიკურ, ასევე საერთაშორისო დოკუმენტების ჭრილში, რითია ეს მიუღებელი. პირდაპირ გიწერია ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციაში, რომ იქ, სადაც მსგავსი ქმედებები ეწინააღმდეგება საზოგადოების მორალს, ეგენი უნდა შეიზღუდოს“, – აცხადებს ვასაძე.

მისი თქმით, „ერი“ გაიზიარებს პროტესტს, თუმცა ვერ აიღებს პასუხისმგებლობას, ვინ რა ფორმით გამოხატავს პროტესტს.

„მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ეს იქნება ფართო საზოგადოებრივი პროტესტი. მე თბილისში თუ ვიქენი, აუცილებლად მივალ და გამოვხატავ ჩემი ფორმებით“, – განაცხადა მან.

ჰომოფობიური, ქსენოფობიური და ულტრანაციონალისტური განწყობებით ცნობილმა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ მაისში „თბილისი მარიოტში“ პოლიტიკური განცხადება გააკეთა. მან სამოქმედო გეგმა წარადგინა და განაცხადა, რომ ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში შემოსვლის გადაწყვეტილება მიიღო.