ვასამბეკ ბოკოვის სახელით დაკავებულ პირი მაგომედ გუციევია, მას ბრალი დაუმძიმდა - სუს

პუბლიკა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 2020 წლის 13 ივნისს, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის უკანონოდ შეძენის და გამოყენების ბრალდებით – ვასამბეკ ბოკოვის სახელით დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა. ამის შესახებ განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გაირკვა, რომ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის უკანონოდ შეძენის და გამოყენების ბრალდებით დაკავებული პირი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე – მაგომედ გუციევი, რომელმაც ვასამბეკ ბოკოვის სახელზე გაცემული ყალბი პასპორტის გამოყენებით არაერთხელ უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. აღნიშნული პირი სისტემატურად ახორციელებდა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას უკანონო თვალთვალს და მის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას.

2020 წლის 27 ნოემბერს მაგომედ გუციევს ბრალდება წარედგინა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151 პირველი პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 157-ე მუხლის პირველი ნაწილით, 344-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებებისათვის. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭება“, – აცხადებს სუსი.


„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, 2020 წლის 12 ივნისს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

აღნიშნული, სავარაუდოდ, უკავშირდება 2019 წლის 7 ივლისს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“ გიორგი გაბუნიას მხრიდან რუსეთის პრეზიდენტის – ვლადიმირ პუტინის გინებას. აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა თავად ვლადიმერ პუტინიც.

ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოგვიანებით განცხადებაც გაავრცელა.

უწყების თქმით, ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდებით, დაკავებულია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.

„ბრალდებული ვ.ბ.-ს დაკავება განხორციელდა შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა”, – აცხადებდა სუსი.