ვაშაძე: 5 ადამიანი, „ევროპული ხმის მცველები“ უკანონოდ დააკავეს, მოვითხოვთ გათავისუფლებას

პუბლიკა

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ 5 ადამიანი – „ევროპული ხმის მცველები“ დააკავეს. გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე თქვა, რომ მათი დაკავება უკანონოა და კოალიცია მოითხოვს, დაუყოვნებლივ გამოუშვან ისინი.

ვაშაძეს არ უსაუბრია კონკრეტულად, რის გამო ან რა მუხლებით არიან ისინი დაკავებულები. „პუბლიკა“ ცდილობს დამატებითი ინფორმაციის შინაგან საქმეთა სამინისტროში გარკვევას. უწყებიდან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

„ჩვენი გამარჯვების მთავარი დასტურია ის, თუ როგორ იქცევა „ოცნება“. ისინი თავს ესხმიან დამკვირვებლებს, ისინი ავიწროებენ ადამიანებს, რომლებიც არ აძლევენ მანიპულაციის შესაძლებლობას და ახლა უკვე გადავიდნენ დაკავებებზე, 5 ადამიანი ევროპული ხმის მცველები, არიან დაკავებულები, აბსოლუტურად უკანონოდ. დაუყოვნებლივ მოვითხოვთ მათ გათავისუფლებას, ეს არის ტოტალურად უკანონო ქმედება. მე მივმართავ პოლიციებს, რამდენიმე საათი დარჩა ამ ხელისუფლებას, ნუ ჩადიხართ უკანონო ქმედებებს, ყველაფერი აღბეჭდილია იმ კამერების მიერ, ძალადობას ექნება კონკრეტული პასუხისმგებლობა კანონის შესაბამისად“, – ამბობს ვაშაძე.