გიორგი ვაშაძის განცხადებით, პარლამენტიდან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ორი თანამშრომელი გაათავისუფლეს. ერთი, ლაშა დიაროვია, რომელიც პარტიის წევრის, პაატა მანჯგალაძის მრჩეველია, მეორე კი გიორგი ხაბურზანია.
ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა მსოფლიოში და ეს „პოლიტიკური ანგარიშსწორებაა“.
„გუშინ გამოგვიცხადეს, რომ პაატა მანჯგალაძის მრჩეველი, ლაშა დიაროვი და ჩვენი მრჩეველი გიორგი ხაბურზანია პარლამენტიდან გაათავისუფლეს. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ორი თანამშრომელი პარლამენტიდან გაათავისუფლა საქართველოს პარლამენტმა. ამ ტიპის პრეცედენტი მსოფლიოში არაა. ეს პოლიტიკური ანგარიშსწორებაა. გიორგი ხაბურზანიამ ერთი სასამართლო პროცესი უკვე მოიგო – მერიიდან გაათავისუფლეს პოლიტიკური ნიშნით და სასამართლომ პოლიტიკური დისკრიმინაცია დაადგინა. რაც შეეხება ლაშა დიაროვს, მისი მამა ერთი წლის წინ გაათავისუფლეს სამსახურიდან და ახლა საგარეჯოში ედავებიან, რომ 70 წლის წინ აშენებული ღობე, თურმე უკანონო ყოფილა. ამ დონეზე დაეცა „ქართული ოცნება“ და ეს მათი სისუსტის გამოვლენაა. 1 წელიწადში საქართველოში „რუსული რეჟიმი“ შეიცვლება და ისტორიას ჩავაბარებთ ამ ტიპის პოლიტიკურ ანგარიშსწორებებს. მინდა „ქართულ ოცნებას“ და მის ლიდერებს ვუთხრა – ამით ჩვენს ბრძოლას ვერ გააჩერებთ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.