ვაშაძე აქციაზე: ვისაც ერთი ადგილი აქვს, ვიწყებთ პარლამენტის პიკეტირებას

პუბლიკა

„არსად არ ვიშლებით და ვისაც ერთი ადგილი აქვს, ვიწყებთ პარლამენტის პიკეტირებას, იმიტომ, რომ ამ ორგანომ დაკარგა ლეგიტიმაცია“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა.

„მორჩა. როცა ქვეყნის არაფორმალური მმართველობა გეუბნება – ფეხებზე მკიდიხართ, მოქალაქეებო! ფეხებზე მკიდიხართ, ოპოზიციურო პარტიებო! ფეხებზე მკიდიხართ, არასამთავრობო ორგანიზაციებო! კონსტიტუციით და კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა რადიკალური ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ, რომ საქართველო დავუბრუნოთ მის მოქალაქეს… გაუმარჯოს ყველა იმ ხალხს, ვინც აქ არის, ვინც აქ მოვა. ამ ღამეს გამოჩნდება, რისი გამკეთებლები ვართ. ვინც აქედან წავა, მერე პრეტენზია არ წაუყენოს არავის, თავისი თავის გარდა”, – განაცხადა ვაშაძემ.

დღეს, 3 საათიდან სხვადასხვა ადგილას შეიკრიბნენ ოპოზიციური პარტიის წევრები და მოქალაქეები, ისინი მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა მთავრობისა და პრემიერის გადადგომა და რიგგარეშე პროპორციული არჩევნებია.