ვაშაძე: ჩარიცხულია თანხა, დადებულია კონტრაქტი, „ალმა“ ბანერებს არ გვიკრავს

პუბლიკა

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის ცნობით, კომპანია „ალმასთან“ გააფორმეს კონტრაქტი ბილბორდებზე მათი რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით, გადაიხადეს თანხა, თუმცა, დღეს უარი მიიღეს.

პარტიის ცნობით, საუბარია დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარზე, რეკლამა კი უნდა განთავსებულიყო თბილისში, ზუგდიდსა და თელავში.

ბილბორდზე უნდა ყოფილიყო წარწერა – „აირჩიე ერთიანობა, მოიშორე „ქ.ოცნება“; „აირჩიე ერთიანობა, მოიშორე ბიძინა“.

ბრიფინგზე გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ „ვისოლი“ მმართველი პარტიის დავალებით არ აკრავს მათ ბანერებს – „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილი ბრენდია კომპანია „ალმა“.

„დღეს მივიღეთ საბოლოო ინფორმაცია, რომ კომპანია „ვისოლი“ არ აპირებს ჩვენი ბილბორდების გაკვრას, იმიტომ, რომ მას არ მოსწონს შინაარსი, იმიტომ, რომ ეს შინაარსი არ მოსწონს „ქართულ ოცნებას“. აქ არის რეალურად საუბარი რაზე – ბანერებზე, სადაც პირდაპირ ნათქვამია, რომ უნდა მოვიშოროთ „ქართული ოცნება“ და  ბიძინა ივანიშვილი და ერთიანობა არის ერთადერთი გზა, რომელსაც საქართველო მიჰყავს ევროკავშირისკენ. ამ ბილბორდებზე ჩარიცხული გვაქვს თანხა, დადებული გვაქვს კონტრაქტი, მაგრამ ამის გაკვრაზე უარს ამბობს კომპანია ვისოლი „ქართული ოცნების“ დავალებით. მივმართავ „ქართულ ოცნებას“ და ივანიშვილს, რამ შეგაშინათ? რის გეშინიათ? მოემზადეთ ხელისუფლებიდან წასვლისთვის, ბილბორდების არგაკვრა თქვენ ამ პრობლემას ვერ მოგაშორებთ“, – თქვა ვაშაძემ.

მან ასევე მიმართა კომპანია „ვისოლს“, თქვას, არის თუ არა თანხა ჩარიცხული და რა უფლებით არ აკრავენ რეკლამას.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა „ალმას“ პრესსამსახურს. კომპანიისგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ თბილისში გამოჩნდა „ოცნების“ საარჩევნო ბანერები. მმართველი პარტია წინასაარჩევნო პროპაგანდისთვის უკრაინაში რუსეთის მიერ დაბომბილი შენობების, ტაძრების, საკლასო ოთახების, ავტობუსების ფოტოებს იყენებს წარწერებით: „არა ომს, აირჩიე მშვიდობა“.

კომპანია „ალმამ” თბილისში გარე რეკლამების განთავსებაზე 15-წლიანი უფლება 2021 წელს მოიპოვა. ამის შესახებ მაშინ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კომპანიამ ეს უფლება 34 მილიონ ლარად შეიძინა.

კომპანია „ალმას” 100%-იან წილს კომპანია Meridian Malta LTD ფლობს, რომელსაც, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ინფორმაციით, ფლობენ ლევან ფხაკაძე (50%-იანი წილი) და სამსონ ფხაკაძე (50%-იანი წილი).