„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი ვაშაძემ აქციის მონაწილეებს მიმართა, არ მიუახლოდვენ პოლიციელებს და „არ შევიდნენ მათთან შემხებლობაში”.
გიორგი ვაშაძის თქმით, პროტესტი გრძელდება, ვინაიდან მშვიდობიანი პროტესტი მათი უფლებაა.
„მნიშვნელოვანია, რომ დისტანცია შევინარჩუნოთ პოლიციასთან, იქნება ეს 10-15 მეტრი. წამოვლენ ისინი ჩვენი მიმართულებით? ჩვენ გადავადგილდებით, ანუ არ შევდივართ შემხებლობაში. გამოგვეკიდონ, დამიჯერეთ, ჩვენ გაცილებით მეტი მოტივაცია გვაქვს და მალე დაიღლებიან. ჩვენ გვაქვს მშვიდობიანი პროტესტის უფლება, ამიტომ კანონის შესაბამისად ვიქცევით. დავარქვათ ამას მობილური პროტესტი.
უნდა ვიყოთ სისტემურები და არც ერთ მომენტში არ მივცეთ შესაძლებლობა, თავი დავაკავებინოთ. ჩვენი მიზანი არ არის მათთან შეხება.
მელიქიშვილის გამზირი დაკეტილია, ჩვენი მიზანი მიღწეულია – ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური გამზირი ახლა არის დაკეტილი. წამოვლენ? – მივდივართ უკან. არ მიუახლოვდეთ პოლიციელებს. იმიტომ, რომ როცა ხანში გადავლენ ადამიანების მოპარვაზე, ვიღაცის შეთრევას შეეცდება, რომ ჩვენი დემორალიზება მოახდინონ”. – თქვა გიორგი ვაშაძემ.
მას შემდეგ, რაც საპოლიციო ძალებმა ჭავჭავაძის გამზირზე აქციის ტერიტორია ძალის გამოყენებით დაიკავეს, მოქალაქეების ნაწილი მელიქიშვილის გამზირზე რჩება. პოლიციამ რამდენიმე მოქალაქე დააკავა, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია. „პუბლიკა” ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ამოწმებს.
„მთავარი არხის” ცნობით, დაკავებულებს შორის არის მათი ოპერატორიც. ამასთან, როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი, თენგო თევზაძე წერს, დაკავებულია მათი ოთხი წარმომადგენელიც.
პოლიციამ ადგილზე შეკრებილებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა და რამდენიმე წუთში მათი მიმართულებით დაიძრა – ისინი ადგილზე მყოფ მოქალაქეებს რამდენჯერმე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სავარაუდოდ, გაუშვეს წიწაკის სპრეიც. აქციის რამდენიმე მონაწილე სასწრაფოს დახმარებას ითხოვდა.
„ახალის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნიკა კვიტატიანი დაშავდა, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც ოპოზიციის ლიდერები აღნიშნავენ, პროტესტი არ ჩერდება და ამ ეტაპზე ის გადაიზრდება „მობილურ პროტესტში”.