ვაშაძე: დავაყენებთ კომიტეტის სხდომის გადადების საკითხს

პუბლიკა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია კომიტეტის სხდომის გადადების საკითხს დააყენებს. მისი შეფასებით, კომიტეტის ჩატარება იმ დღეს, როცა ხელისუფლებას ხალხი აქციაზე გამოჰყავს, პროვოკაციის მცდელობაა.

„ჩვენ დავაყენებთ კომიტეტის სხდომის გადადების საკითხს, იმიტომ, რომ კომიტეტი კონტრაქციის პარალელურად, სადაც იძულებით ჩამოჰყავთ ხალხის, არის პირდაპირი პროვოკაციის მცდელობა „ქართული ოცნების“ მხრიდან.

თუ ისინი ამას არ დათანხმდებიან, სრულ პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავზე, პირდაპირ ვამბობ, იმიტომ, რომ საკომიტეტო განხილვები ბუნებრივ გაღიზიანებას იწვევს საზოგადოებაში.

ამასთან, ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა 100 000-ზე მეტ ადამიანს, რომელიც გუშინ თბილისში შეიკრიბა. ხალხის ნება არის, რომ „რუსული კანონი“ არ იქნას მიღებული და საქართველომ გააგრძელოს ევროინტეგრაციის მიმართულებით სვლა“, – განუცხადა მან პარლამენტში ჟურნალისტებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ მათი მთავარი მოთხოვნა კანონპროექტის გაწვევაა, თუმცა დღეს „რუსული მარშის“ ჩატარების გამო, სადაც ძალდატანებით მოჰყავთ საჯარო სექტორის წარმომადგენლები“, მნიშვნელოვანია, სხდომა გადაიდოს.

კომიტეტის დაწყების დროს ოპოზიციას სხდომის გადადების საკითხის დაყენება სურდა, თუმცა ანრი ოხანაშვილმა მათ განხილვის დაწყებამდე პროცედურით გათვალისწინებული განცხადების გაკეთების საშუალება არ მისცა. მოგვიანებით, პირველი მუხლის განხილვის დროს გიორგი ვაშაძემ სცადა ამ პოზიციის დაფიქსირება, თუმცა ანრი ოხანაშვილმა მას სიტყვა შეაწყვეტინა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი რუსულ კანონს მეორე მოსმენით დღეს განიხილავს. განხილვის გამო პარლამენტში კვლავ შეიზღუდა ვიზიტორთა დაშვება. პარლამენტის სასახლეში არ უშვებენ ონლაინ-, ბეჭდურ და რადიომედიას. დაშვებულია მხოლოდ ტელემედია. ონლაინ მედიას პარლამენტში შესვლა მას შემდეგ აუკრძალეს, რაც „ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონი მეორედ დააინიციირა. საბაბად „რადიკალური პროტესტი” დასახელდა.