„მე გადავწყვიტე, დავტოვო ყველა დაკავებული თანამდებობა და გავიდე პარტიიდან. უაღრესად მიძნელდება ეს ნაბიჯი, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ”, – წერს გრიგოლ ვაშაძე facebook-ზე.
მისი თქმით, ის 2017 წლის იანვრიდან, ოთხი წლის განმავლობაში, ცდილობდა გაეკეთებინა ყველაფერი, იმისათვის, რომ პარტია გაზრდილიყო, გაეძლიერებინა პოზიციები, დარჩენილიყო მთავარ ოპოზიციურ გაერთიანებად და შედეგად მიეღო საქართველოს მოქალაქისგან მანდატი ხელისუფლებაში დასაბრუნებლად.
„მაგრამ არის ფაქტები, რომლებსაც მე კატეგორიულად ვერ შევეგუები”. – წერს ის.
„არ ვეთანხმები პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას.
კიდევ უფრო მიუღებელია ჩემთვის პარტიული სტრატეგიის არარსებობა. ეს მხოლოდ ე. წ. ქართულ ოცნებას აძლევს ხელს.
ვერ შევეგუები იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია თითქოს და ჩავაბარეთ წარსულს, და რომლებთან ერთად ვერასადროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას.
შეუძლებელია ღრმა აღშფოთებას არ იწვევდეს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია, რომელიც გაუგებარია ვინ და რა მიზნით წამოიწყო. ამით ადგება უდიდესი ზიანი საქართველოს ურთიერთობებს აშშ-სთან, ევროკავშირთან და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან.
იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ამ კამპანიის მონაწილეებს არასდროს გაუგიათ, რომ ელჩზე თავდასხმა იგივეა, რაც თავდასხმა იმ სახელმწიფოზე, რომელსაც ის წარმოადგენს, და რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს მოქალაქესთან ერთად ჩვენი სახელმწიფოს და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე დგას”, – წერს ვაშაძე.
მისი თქმით, ის არ აპირებს ინტერვიუების ან კომენტარების გაცემას, არც ტოქშოუებში მონაწილეობას.
„პარტიის წევრებს ვემშვიდობები სიყვარულით, და ვუსურვებ მათ ძალიან მალე მიეღწიოთ ნანატრი გამარჯვებისთვის!” – წერს ვაშაძე.
„პუბლიკა” დაუკავშირდა პარტიის პრესამსახურს, სადაც დაგვიდასტურეს, რომ ვაშაძის განცხადება ნამდვილად ავთენტური პოსტია, თუმცა დამატებით ინფორმაციას არ ფლობენ.