„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილების გეგმა წარადგინა.
გეგმაში, რომელსაც „სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილების, ერთიანობისა და გამარჯვების სამოქმედო გეგმა“ ჰქვია, წერია, რომ პოლიტიკური შეთანხმება ვერ შედგება ერთი მხარის გამარჯვებისა და მეორე მხარის დამარცხების ხარჯზე.
გეგმის მიხედვით, საჭიროა გონივრული და პრაგმატული კომპრომისი ყველა მხრიდან, რომელიც, გიორგი ვაშაძის განცხადებით, სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა, სასამართლოს რეფორმირება, პროპორციული საარჩევნო სისტემა, თვითმმართველობის დეცენტრალიზება და 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად ძალაუფლების განაწილება უნდა იყოს.
„პოლარიზებისა და გამწვავებული კონფრონტაციის ფონზე მაღალია სამოქალაქო დაპირისპირების რისკი, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, მაგრამ პასუხისმგებლობის ხელისუფლებისთვის დაკისრება არ ამცირებს იმ საფრთხეებს, რასაც რეალური ფიზიკური სამოქალაქო დაპირისპირება მოუტანს, როგორც ქართულ სახელმწიფოს, ისე მის მოქალაქეებს. ქაოსი და არეულობაა სწორედ ის მთავარი მოკავშირე, რომელსაც რუსეთი იყენებს მეზობელ სახელმწიფოებში პოლიტიკური და სტრატეგიული მიზნების მიღწევისთვის.
შესაბამისად, შექმნილ ვითარებაში გამოსავლის ძიება და პოლიტიკური კრიზისის ფიზიკურ სამოქალაქო დაპირისპირებაში არ გადაზრდა ყველას პასუხისმგებლობა და მოვალეობაა.
ვთვლით, რომ პოლიტიკური შეთანხმება ვერ შედგება ერთი მხარის გამარჯვებისა და მეორე მხარის დამარცხების ხარჯზე. საჭიროა გონივრული, პრაგმატული კომპრომისები ყველა მხრიდან, რისთვისაც გთავაზობთ არა რომელიმე ჯგუფის, ოპოზიციის ან ხელისუფლების გამარჯვების სამოქმედო გეგმას, არამედ სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილებისა და საქართველოს გამარჯვების სტრატეგიას.
-
პოლიტიკური დიალოგის დაწყებისთვის პირველ გადასადგმელ აუცილებელ ნაბიჯად მიგვაჩნია საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გარანტიების შექმნა და ამ მიზნით მისი მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანა;
-
ვინაიდან, საერთო და საყოველთაოდ აღიარებული აზრია საქართველოში არსებული პოლიტიკური მართლმსაჯულება და სამართლიანი სასამართლოს არარსებობა, აუცილებელია იმ სამართლებრივი მექანიზმების შექმნა, რომელიც დაპირისპირებულ მხარეებში გამოიწვევს ნდობას და მოკლე დროში უცხოელი მოსამართლეების მონაწილეობით შექმნის სამართლიანი სასამართლოს პირობებს მიხეილ სააკაშვილისთვის და მომავალში მსგავსი ტიპის საქმეებზე;
-
პარლამენტმა გონივრულად მოკლე ვადებში უნდა დაამტკიცოს ამბიციური სასამართლო რეფორმა, რომელიც განსაზღვრავს და შექმნის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის რეალურ გარანტიებს;
-
პოლიტიკური კრიზისის დროული და მყისიერი გადაჭრისათვის აუცილებელია სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის ერთი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების სამივე მოსმენით მიღება რეგლამენტით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადაში;
-
დაიწყოს ფართო საზოგადოებრივი დისკუსია მმართველობითი ფორმის ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც გაითვალისწინებს გაზრდილი უფლებამოსილების ფარგლებში პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის შესაძლებლობას მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რაც მინიმუმამდე დაიყვანს პირდაპირი გზით არჩეული რეალური ლეგიტიმური ძალაუფლების მქონე სახელმწიფო მეთაურის – პრეზიდენტის პირობებში არაფორმალური მმართველობის რისკებს;
-
მომზადდეს თვითმმართველობის რეფორმის ფუნდამენტური საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც შექმნის თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის რეალურ საფუძვლებს, რაც თავის თავში გააერთიანებს ადმინისტრაციულ და ფისკალურ დეცენტრალიზაციას;
-
ძალაუფლების განაწილება მოხდეს 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად, დამატებით იმ პირობის გათვალისწინებით, რომ გენერალურ აუდიტორს 5 წლის ვადით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, აირჩევს საქართველოს პარლამენტი იმ პარლამენტის წევრების უმრავლესობის წარდგინებით, რომლებიც არ შედიან საპარლამენტო უმრავლესობაში.
მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ აქტორს საქართველოში, გავლენიან არასამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს (ევროკავშირი, აშშ.) აქტიურად და დროულად ჩაერთონ აღნიშნული სამოქმედო გეგმის შინაარსის სრულყოფაში და მისი გათვალისწინებით მოხდეს შემდგომი არჩევნების თარიღზე შეთანხმება.
ვიმოქმედოთ სწრაფად სანამ ჯერ კიდევ არსებობს შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა და ვიდრე მაღალი რისკის სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე არ გადაზრდილა რეალურ ფიზიკურ დაპირისპირებაში, რაც ნებისმიერ შემთხვევაში შეუქცევად და დამაზიანებელ პროცესებს გამოიწვევს ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.