ვაშაძის მწვავე კრიტიკას ყოველთვის გასდევდა ის რაღაც, რაც იშვიათად დამინახავს ოპოზიციის სხვა წევრებში - წულუკიანი

პუბლიკა

„ოპოზიციის წევრებიდან გრიგოლ ვაშაძე ყოველთვის იყო მწვავე და პრინციპული, მაგრამ მის ყოველ მწვავე კრიტიკას და „ქართული ოცნების“ ქარცეცხლში გატარებას ყოველთვის გასდევდა თან ის რაღაცა, რაც იშვიათად დამინახავს სხვა ოპოზიციის წევრებში“, – ასე ეხმაურება პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი გრიგოლ ვაშაძის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას.

თეა წულუკიანის თქმით, მას არ გაჰკვირვებია ვაშაძის განცხადება.

„ვიდრე 8 მარტის შეთანხმება იქნებოდა მიღწეული, შესაძლებლობა მქონდა, მოლაპარაკებების ორ საწყის რაუნდში პარტიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიმეღო. გრიგოლ ვაშაძე პირველად იქ გავიცანი. ადრეც აღვნიშნე და ახლაც ვიტყვი-იქ წარმოდგენილი ოპოზიციის წევრებიდან გრიგოლ ვაშაძე ყოველთვის იყო მწვავე და პრინციპული, მაგრამ მის ყოველ მწვავე კრიტიკას და „ქართული ოცნების“ ქარცეცხლში გატარებას ყოველთვის გასდევდა თან ის რაღაცა, რაც იშვიათად დამინახავს სხვა ოპოზიციის წევრებში.

ჩემი ყურებისთვის, „ქართული ოცნების“ მოსასმენად ძალიან უსიამოვნო რამეს იტყოდა, მაგრამ ეს ყოველთვის იყო ნათქვამი რაღაც ფორმით და ნაკარნახევი, თითქოს უფრო არა ვიწრო პარტიულით, არამედ უფრო იმით, თუ რა სჯობს ქვეყნისთვის. ეს ყოველთვის ასე იყო, რაც არ უნდა ის არ მომწონდეს და ჩემთვის მიუღებელ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდეს.

შესაბამისად, მისი დღევანდელი განცხადება თავისი შინაარსით და ფორმით არ გამკვირვებია. ის საუბრობს ოდიოზურ ფიგურებზე, ამ ოდიოზურ ფიგურებს, ერთ-ერთ მათგანს ცხელი კარტოფილი დავარქვი, როცა მან ციხე დატოვა და რატომღაც, მჯეროდა, რომ ეს ის ცხელი კარტოფილი იყო, რომელსაც გონიერი პოლიტიკური ძალა ახლოს არ მიიკარებდა და არა მხოლოდ მას, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ის ძალებია, რომლებზეც თავის დროზე, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში რომ იყო, მათ ეყრდნობოდა და ოპოზიციაშიც ძნელია ისინი თავიდან მოიშორო. რა თქმა უნდა, ისინი ამ პოლიტიკურ ძალას ჩიხისკენ მიაქანებენ და მათ ყველანაირ წარმონაქმნს უკარგავენ პერსპექტივას, რომ ოდესმე, ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. ეს იქნება „ევროპული საქართველო“ თუ სხვა“, – განაცხადა წულუკიანმა.


გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შესახებ ინფორმაცია დღეს, 15 დეკემბერს, სოციალური ქსელით გაავრცელა.

„მე გადავწყვიტე, დავტოვო ყველა დაკავებული თანამდებობა და გავიდე პარტიიდან. უაღრესად მიძნელდება ეს ნაბიჯი, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ”, – წერს ის facebook-ზე.

ვაშაძემ წასვლის მიზეზად პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის არჩეული ტაქტიკა და პარტიული სტრატეგიის არარსებობა დაასახელა. მან ამავე სტატუსში ახსენა „ოდიოზური ფიგურები“, რომელთან ერთადაც, ვაშაძის განცხადებით, ენმ ვერასდროს მოიპოვებს ამომრჩევლის ნდობას.

გრიგოლ ვაშაძისთვის აღმაშფოთებელია „სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანიაც“.