გიორგი ვაშაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომ თეა წულუკიანის კომისიაზე კვლავ დაიბარეს. მისი თქმით, „ფარსში” მონაწილეობას არ აპირებს.
„წულუკიანს, რომელსაც საკუთარ სასამართლოში მოსვლისაც კი ეშინია, ისევ დავუბარებივარ ე.წ. კომისიაზე. კარგად გაიგონ, ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებ არც ახლა, არც მერე ამიტომ ბრძოლა ღირსებით და ბოლომდე”, – წერს პატიმრობაში მყოფი გიორგი ვაშაძე.
ვაშაძე წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე 24 ივნისს დააკავეს – მას 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა და საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავება 2 წლით აუკრძალა.
ვაშაძეს პროკურატურა „ოცნების” პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებოდა. მის წინააღმდეგ პროკურატურას თეა წულუკიანის კომისიამ მიმართა.
განაჩენის გამოცხადებას ვაშაძე არ ესწრებოდა – ის პარტიის ოფისში იმყოფებოდა, სადაც მისი მხარდამჭერები, პოლიტიკოსები და აქტივისტები შეიკრიბნენ. ადგილზე მივიდა საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც.
გიორგი ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომელიც კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.