ვაშინგტონში ადასტურებენ, რომ აშშ უკრაინას HIMARS-ის სარაკეტო სისტემებს მიაწვდის

პუბლიკა

The New York Times-ში გამოქვეყნებული წერილის შემდეგ, რომელშიც ბაიდენი უკრაინისთვის სარაკეტო სისტემების გადაცემაზე საუბრობდა, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა მედიას დაუდასტურეს ინფორმაცია, რომ კიევი მაღალი მობილობის სარაკეტო სისტემებს – HIMARS-ებს მიიღებს.

სარაკეტო სისტემების გადაცემა აშშ-ის მიერ უკრაინისთვის განკუთვნილი სამხედრო დახმარების მე-11 პაკეტში შევა. ოფიციალური პირები, რომლებიც HIMARS-ების გადაცემას ადასტურებენ, აცხადებენ, რომ სისტემები აღჭურვილი იქნება ისეთი რაკეტებით, რომლებსაც სამიზნის განადგურება 80 კილომეტრის მანძილზე შეუძლიათ.

აშშ, ჯერჯერობით, თავს იკავებს, რომ უკრაინას გადასცეს ამ სისტემების მაქსიმალურ დისტანციაზე მოქმედი რაკეტები, რომლებსაც მიზნის განადგურება 300 კილომეტრზეც შეუძლიათ.

ვაშინგტონში შიშობენ, რომ უკრაინელები იერიშს მიიტანენ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში და ამას მოსკოვი ვითარების კიდევ უფრო მეტად დეესკალაციისთვის გამოიყენებს.

თუმცა HIMARS-ები რაკეტების ამ მოდიფიკაციითაც სხვა, უკრაინისთვის აქამდე მიწოდებულ არტილერიასთან შედარებით ბევრად უფრო შორ მანძილზე შეძლებს სამიზნის განადგურებას.

უკრაინას საშუალება მიეცემა, რომ რუსებს დარტყმა არა მხოლოდ ფრონტის ხაზთან მიაყენოს, არამედ იერიში მიიტანოს მათ სიღრმეში არსებულ მართვისა და მომარაგების ცენტრებზე. შედარებისთვის აშშ-დან აქამდე გაგზავნილი ჰაუბიცების სროლის მანძილი მხოლოდ 25 კილომეტრამდე იყო.

სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი კი, CNN-ის ინფორმაციით, HIMARS-ებთან ერთად საჰაერო დაზვერვის რადარებს, ვერტმფრენებს, ტაქტიკურ მანქანებს, Javelin-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს, ჯავშანსაწინააღმდეგო იარაღს, საარტილერიო ჭურვებსა და აღჭურვილობის შეკეთებისა და გამართვისთვის საჭირო ნაწილებს მოიცავს.