ვაშინგტონში კობახიძის განცხადებებს „სამარცხვინოსა“ და „დაუსაბუთებელს“ უწოდებენ

პუბლიკა

მასალა მომზადებულია „ამერიკის ხმის” მიერ;

„ისე ჟღერს, თითქოს, ბატონი კობახიძე რუსეთის გამარჯვებას გულშემატკივრობს და ჩემი აზრით, ეს სამარცხვინოა“, – ასე პასუხობს დევიდ კრამერი, „ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის“ გლობალური პოლიტიკის დირექტორი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას. კობახიძემ თქვა, რომ ბოლო ორი კვირის მოცემულობით, ფრონტზე უპირატესობა რუსეთს აქვს, რადგან უკრაინას ამ დროის განმავლობაში არცერთი დასახლებული პუნქტი „არ აუღია”.

ვაშინგტონში კობახიძის ამ ნათქვამმა გაურკვევლობა გამოიწვია. ჯონ ჰერბსტი, „ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის პროგრამის დირექტორი, „ამერიკის ხმასთან“ საუბარში ამბობს, რომ „უცნაურია, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქვეყანაში პოლიტიკოსი აკეთებდეს განცხადებებს მოსკოვის თავდასხმის შესახებ ბახმუტთან დაკავშირებით და „გლობალური ომის პარტიაზე“ საუბრობდეს, რაც კრემლს ახარებს. რა არის ამის მიზანი?“

მართალია, კობახიძეს არ განუმარტავს ვის, ან რას გულისხმობდა „გლობალური ომის პარტიაში“, თუმცა ამ განცხადებაზე პასუხად, ამერიკის დედაქალაქში ამბობენ, რომ „ერთადერთი „ომის პარტია“ ახლანდელ კონფლიქტში პუტინი და რუსეთი არიან, რომლებმაც სისასტიკეები და ომის დანაშაულები ჩაიდინეს უკრაინაში. ქართველებს ძალიან კარგად ესმით, რუსეთის აგრესია რას ნიშნავს კრემლის მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ძალადობის და მიმდინარე ოკუპაციის, საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთისა და ცხინვალის, ნაბიჯ-ნაბიჯ არალეგალური ანექსიის გათვალისწინებით“, – „გერმანიის მარშლის ფონდის“ უფროსი მკვლევრის ჯონათან კაცის ამ განცხადებას ეთანხმება დენიელ ფრიდიც.

ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი გამოცდილების მქონე ყოფილი დიპლომატი დენ ფრიდი ირაკლი კობახიძის განცხადებას „დაუსაბუთებელს“ უწოდებს.

„ომის პარტია“ ნამდვილად არსებობს უკრაინის წინააღმდეგ. მას პუტინი მართავს. მან დაიწყო და აგრძელებს ამ ომს. არსებობს იმ ადამიანების კოალიცია, თუ გნებავთ პარტია, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ გადარჩენისთვის ბრძოლაში. მათი უმეტესობა საქართველოს უჭერდა მხარს 2008 წელს. ნუთუ ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ მაშინ შევცდით? რადგან ახლა ისე ჩანს, რომ ის ჩვენს უკრაინისადმი მხარდაჭერას ეწინააღმდეგება“, – ამბობს ფრიდი.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა და ყოფილმა მაღალჩინოსნებმა არაერთხელ უწოდეს ბრალდებას საქართველოს ომში ჩათრევის შესახებ აბსურდული. ნარატივი, რომელსაც ვაშინგტონში „რუსულს“ უწოდებენ, საქართველოში გარკვეული დროის განმავლობაში შესუსტდა, თუმცა ირაკლი კობახიძის განცხადებამ, რომ იზრდება ზოგიერთი ძალის ინტერესი, „საქართველო იყოს ჩართული სამხედრო კონფლიქტში”, ვაშინგტონში ეს განხილვები განაახლა.

ამერიკელი მკვლევრები და ყოფილი დიპლომატები, ვინც საქართველოს და რეგიონში მიმდინარე მოვლენებს კარგად იცნობენ და სხვადასხვა ადმინისტრაციის დროს, საქართველოს საკითხებზე მაღალ თანამდებობებზე მუშაობდნენ, ამბობენ, რომ საქართველოს ომში ჩართვა არავის სურს, განსაკუთრებით კი ამერიკას.

„თავიდანვე ვამბობდი და ძალიან ნათელია, რომ არავინ, საერთოდ არავინ არ ცდილობს საქართველოს რუსეთსა და უკრაინას შორის ომში ჩართვას. საერთოდ არავინ. ამერიკის შეერთებულ შტატებს უკანასკნელი, რაც სურს ისაა, რომ ეს ომი გაფართოვდეს და სხვა ქვეყნებიც მოიცვას. ასე რომ, ეს ისეთი სასაცილო განცხადებაა, რომ საკუთარი თავის უნდა რცხვენოდეს და ამ სასაცილო განცხადებებს თავი უნდა დაანებოს“, – ამბობს დევიდ კრამერი.

დენიელ ფრიდი კი განმარტავს, რომ უკრაინის მხარდაჭერა და ამის საქართველოსგან მოთხოვნა ომში ჩართვას არ უტოლდება: „არავის სურს, რომ საქართველო კვლავ რუსეთის აგრესიის მსხვერპლი გახდეს. მაგრამ, საქართველოს მეგობრები იმედოვნებენ, რომ საქართველოს ლიდერები შეძლებენ სიმართლე თქვან უკრაინის სიცოცხლისთვის ბრძოლის შესახებ“.