ვაშინგტონში მასობრივი არეულობებისას ოთხი ადამიანი დაიღუპა – მათ შორის ერთი ქალი, რომელსაც სამართალდამცავებმა მას შემდეგ ესროლეს, რაც კაპიტოლიუმის შენობაში სხვა დემონსტრანტებთან ერთად შეიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
CNN-ს ვაშინგტონის პოლიცია უდასტურებს, რომ ქალი, რომლის ვინაობაც ამ ეტაპზე უცნობია, გულმკერდის არეში მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა. პოლიციის უფროსის თქმითვე, კაპიტოლიუმის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს კიდევ სამი ადამიანის ცხედარი. პოლიციამ მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ამ ადამიანების სიკვდილი გამოიწვია შემთხვევებმა, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა.
პოლიციის უფროსის თანახმად, კაპიტოლიუმის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ორი ხელნაკეთი ბომბი და „მოლოტოვის კოქტეილები“. ამ ეტაპზე დაკავებულია 52 პირი, მათ შორის რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარებისთვის. მასობრივი არეულობების დროს დაშავდა 14 პოლიციელი.
როგორც CNN წერს, დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა დედაქალაქში ქაოსი მას შემდეგ შექმნეს, რაც ტრამპმა თავის მომხრეებს მოუწოდა საარჩევნო ხმების დათვლის ცერემონიის წინააღმდეგ ბრძოლა. სწორედ ამ ცერემონიაზე უნდა დაადასტურებულიყო არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გამარჯვება. დემონსტრატები მოითხოვდნენ, რომ არჩევნებში ბაიდენის გამარჯვება კონგრესს არ ეღიარებინა.
CNN-ის ცნობით, მასობრივი არეულობების გამო ვაშინგტონის მერმა 15 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
კაპიტოლიუმის შენობასთან ტრამპის მხარდამჭერები გუშინ, 6 იანვარს, შუადღისით შეიკრიბნენ. მალევე, ასობით მომიტინგემ კაპიტოლიუმის დასაცავად გაწყობილი ბარიერები გაარღვია. დემონსტრანტები პოლიციის ოფიცრებს გამიზნულად ეჯახებოდნენ. დაახლოებით ერთ საათში, პოლიციამ ოფიციალურად განაცხადა, რომ შენობაში დემონსტრანტები შეიჭრნენ და ამიტომ შენობის ევაკუაცია და დაკეტვა გახდა საჭირო.